"თი ისთეითიდან" "ფორმუსამდე": რა იცვლება დეველოპერული კომპანიისთვის რებრენდინგის შემდეგ
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ათ წელზე მეტი ხნის ოპერირების შემდეგ "თი ისთეითი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საქმიანობას ახალი ბრენდით, "ფორმუსის" სახელით აგრძელებს. ცვლილება მხოლოდ სახელისა და ვიზუალური იდენტობის განახლებას არ გულისხმობს. კომპანიისთვის რებრენდინგი დაგროვილი გამოცდილების, გაზრდილი მასშტაბისა და იმ სამომავლო ხედვის გამოხატულებაა, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე ორიენტირებულ დეველოპმენტს ეფუძნება.
ათი წლის განმავლობაში კომპანიამ განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა, თბილისის სხვადასხვა უბანში 7 საცხოვრებელი პროექტი განახორციელა, მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა, გაიზარდა როგორც კომპანიის მასშტაბი, ისე გუნდი. ამ პროცესთან ერთად უფრო მკაფიო გახდა სამომავლო ხედვაც, რა ტიპის პროექტების შექმნა სურს კომპანიას და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მომავალში.
ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს დეველოპერული ბაზარი და თავად მომხმარებელიც. დღეს ბინის მყიდველი ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობს, პროექტს უფრო დეტალურად აფასებს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ფასის, ფართობისა და ლოკაციის მიხედვით აღარ იღებს. მისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია, რას სთავაზობს კონკრეტული პროექტი ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით და რამდენად სანდოა კომპანია, რომელსაც საკუთარ სახლს ან ინვესტიციას უკავშირებს.
როგორც "ფორმუსის" მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მეკო აბრამია აღნიშნავს, კომპანიის განვითარებამ და ბაზარზე მომხდარმა ცვლილებებმა საბოლოოდ შექმნა რებრენდინგის საჭიროება.
"კომპანიის განვითარებასა და ბაზრის ცვლილებებთან ერთად მივედით ეტაპამდე, როდესაც არსებული ბრენდი ჩვენს დღევანდელ მასშტაბსა და სამომავლო ხედვას სრულად ვეღარ გამოხატავდა. სწორედ ამ ეტაპზე მივიღეთ რებრენდინგის გადაწყვეტილება".
რებრენდინგი ბიზნესისთვის ყოველთვის გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებულ ბრენდს უკვე აქვს მრავალწლიანი ისტორია, ცნობადობა და მომხმარებლის ნდობა. სწორედ ამიტომ, "თი ისთეითისთვის" სახელის შეცვლა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, ცვლილებების პროცესში შეენარჩუნებინა ყველაფერი ის, რაც წლების განმავლობაში შეიქმნა, გამოცდილება, სანდოობა და მომხმარებელთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა.
ამავდროულად, კომპანიის ზრდასთან ერთად შეიცვალა მისი მასშტაბი, გეგმები და სამომავლო ხედვაც. საჭირო გახდა ბრენდი, რომელიც, ერთი მხრივ, დაგროვილ გამოცდილებას შეინარჩუნებდა, მეორე მხრივ კი უკეთ გამოხატავდა კომპანიის სამომავლო განვითარების მიმართულებას.
"როდესაც ბრენდს უკვე აქვს მრავალწლიანი ისტორია და მომხმარებლის ნდობა, სახელის შეცვლა ნამდვილად არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ცვლილებების პროცესში შეგვენარჩუნებინა ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში შევქმენით, გამოცდილება, სანდოობა და მომხმარებელთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა. ამავდროულად, კომპანიის ზრდასთან ერთად შეიცვალა ჩვენი მასშტაბი, გეგმები და სამომავლო ხედვაც. მივხვდით, რომ გვჭირდებოდა ბრენდი, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას შეინარჩუნებდა, მაგრამ, ამავე დროს, უკეთ გამოხატავდა იმას, თუ საით გვსურს განვითარება მომავალში".
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, როგორი იქნება შენობა არქიტექტურულად და ტექნიკურად, არამედ ისიც, რამდენად კომფორტული და ფუნქციური იქნება ის ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მიდგომა პროექტის ყველა ეტაპზე უნდა აისახოს, ბინების დაგეგმარებიდან დაწყებული, საერთო სივრცეებით, ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით დასრულებული.
"ფორმუსისთვის" განვითარების შემდეგი ეტაპი მხოლოდ პროექტების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. კომპანიის მიზანია, დაგროვილი გამოცდილება უფრო მაღალი სტანდარტის პროექტებში გარდაქმნას და ყოველი ახალი პროექტით გაზარდოს ის ღირებულება, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს. შესაბამისად, ბიზნესის ზრდა "ფორმუსისთვის" არა მხოლოდ მასშტაბის, არამედ ხარისხის ზრდასაც გულისხმობს. მიზანია, თითოეული ახალი პროექტი უკეთ პასუხობდეს თანამედროვე ადამიანის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილს.
ბოლო წლებში საქართველოში ბინის მყიდველის მოთხოვნებიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ის არის, რომ მომხმარებელი დღეს გაცილებით მეტ კითხვას სვამს და გადაწყვეტილების მიღებამდე პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
მისი ინტერესის საგანი მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასი აღარ არის. მომხმარებელს აინტერესებს, რა მასალით შენდება პროექტი, როგორი იქნება ხმისა და თბოიზოლაცია, რამდენად ფუნქციურია კონკრეტული გეგმარება, როგორ არის გადაწყვეტილი პარკინგისა და უსაფრთხოების საკითხები, ვინ აფინანსებს პროექტს და რა პირობებით შეუძლია ბინის შეძენა.
ამასთან, ადამიანები უფრო მეტად ფიქრობენ ქონების გრძელვადიან ღირებულებაზეც. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, როგორი იქნება ბინა ჩაბარების მომენტში, არამედ რამდენად კომფორტული და ღირებული დარჩება ეს ქონება წლების შემდეგ.
ამ ცვლილებებთან ერთად შეიცვალა დეველოპერების მიდგომაც. დღეს პროექტის წარმატებას გაცილებით მეტი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, ვიდრე ათი წლის წინ.
"ფორმუსის" პოზიციონირების ცენტრში ადამიანი და მისი ცხოვრების სტილია. პრაქტიკაში ადამიანზე ორიენტირებული დეველოპმენტი, პირველ რიგში, პროექტირების ლოგიკაში გამოიხატება.
როგორც მეკო აღნიშნავს, ბინას შეიძლება კარგი ფართობი ჰქონდეს, თუმცა არასწორი დაგეგმარების გამო ამ ფართობის ნაწილი რეალურად გამოუყენებელი დარჩეს. ან შენობა ვიზუალურად საინტერესო იყოს, მაგრამ ყოველდღიური გადაადგილება, პარკინგი, უსაფრთხოება თუ აკუსტიკური კომფორტი სათანადოდ არ იყოს გათვალისწინებული.
"ჩვენთვის ეს, პირველ რიგში, პროექტირების ლოგიკაა. პროექტის შეფასებას ვცდილობთ იმ ადამიანის პერსპექტივიდან, ვინც იქ იცხოვრებს: რამდენად რაციონალურად გამოიყენებს სივრცეს, რამდენად კომფორტული იქნება მისთვის იქ ცხოვრება და რამდენად პასუხობს პროექტი სხვადასხვა ტიპის მობინადრის საჭიროებებს".
კომპანიისთვის მთავარი გამოწვევა ამ კომპონენტების ერთიან პროდუქტად წარმოჩენაა. მომხმარებელი საბოლოოდ ცალ-ცალკე ტექნიკურ მახასიათებლებში არ ცხოვრობს, ის მთლიან გარემოს იყენებს. ამიტომ "ფორმუსის" ხელწერა დეტალების ერთობლიობაში უნდა გამოჩნდეს: არქიტექტურაში, დაგეგმარებაში, მასალებში, საინჟინრო ნაწილში, კომფორტში, მომსახურებასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში.
რებრენდინგის პროცესზე კომპანია "მოზაიკასთან" ერთად მუშაობდა. პროცესის დასაწყისშივე მთავარი ამოცანა იყო ზუსტად განსაზღვრულიყო, რას უნდა გამოხატავდეს ახალი ბრენდი.
საუბარი მხოლოდ ახალი სახელის, ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის შექმნას არ ეხებოდა. საჭირო იყო ჩამოყალიბებულიყო, სად იმყოფებოდა კომპანია განვითარების ამ ეტაპზე, რა ღირებულებას სთავაზობდა მომხმარებელს და რა მიმართულებით სურდა განვითარება მომავალში.
კომპანიის გუნდის მთავარი ამოცანა ხედვის, ღირებულებებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა იყო. "მოზაიკას" გუნდთან თანამშრომლობით კი ეს ყველაფერი ერთიან ბრენდულ იდეად ჩამოყალიბდა და მიიღო ის სიტყვიერი და ვიზუალური გამოხატულება, რომელსაც დღეს "ფორმუსის" სახით ვხედავთ.
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წარსულსა და მომავალს შორის სწორი ბალანსის პოვნა იყო, ახალ ბრენდს უნდა შეენარჩუნებინა კომპანიის ათწლიანი გამოცდილება და სანდოობა, ამავდროულად კი უნდა შეექმნა სივრცე შემდგომი ზრდისთვის, ახალი პროექტებისა და უფრო ამბიციური გეგმებისთვის".
ახალი ბრენდის სლოგანია "შენებისთვის". გზავნილი მარტივია, თუმცა კომპანიის ხედვით, მის უკან დიდი პასუხისმგებლობა დგას.
თუ ბრენდი ამბობს, რომ აშენებს "შენებისთვის", პროექტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ახსოვდეს ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ამ პროდუქტს გამოიყენებს. ეს ეხება ბინების დაგეგმვას, გამოყენებულ მასალებს, ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე იმ პირობებსა და კომუნიკაციას, რომლითაც კომპანია მომხმარებელს პროდუქტს სთავაზობს.
"თუ ვამბობთ, რომ ვაშენებთ "შენებისთვის", პროექტის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ამ პროდუქტს გამოიყენებს. ეს ეხება იმასაც, თუ როგორ ვგეგმავთ ბინებს, რა მასალებს ვიყენებთ, როგორ ვაწყობთ ინფრასტრუქტურას და იმასაც, თუ რა პირობებითა და როგორი კომუნიკაციით ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტს".
კომპანიისთვის სლოგანის წარმატება მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რამდენად კარგად დაამახსოვრდება ის მომხმარებელს. უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად დაემთხვევა ეს სიტყვა მომხმარებლის რეალურ გამოცდილებას.
დღეს "ფორმუსის" პორტფელში უკვე შვიდი დასრულებული საცხოვრებელი პროექტია, ხოლო საბურთალოზე ახალი მულტიფუნქციური პროექტი შენდება. თუმცა კომპანია ზრდას მხოლოდ პროექტების რაოდენობით არ აფასებს. მისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი შემდეგი პროექტი რეალურად აჩვენებდეს კომპანიის განვითარებას, ხარისხით, კონცეფციითა და იმ გამოცდილებით, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს.
ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი "ფორმუსი საბურთალოზეა", მულტიფუნქციურ ბიზნესკლასის პროექტზე, რომელიც ახალი ბრენდის ხედვის პირველი პრაქტიკული გამოხატულებაა. პროექტში საცხოვრებელ ნაწილთან ერთად ერთიანდება კომერციული, საოფისე და საპარკინგე სივრცეები, ხოლო საცხოვრებელი შეთავაზება სხვადასხვა ზომისა და ტიპის ბინებს მოიცავს.
შემდეგ ეტაპზეც კომპანიის მიზანია, განვითარება თანმიმდევრული იყოს. "ფორმუსისთვის" საინტერესოა განსხვავებული პროექტებისა და კონცეფციების შექმნის შესაძლებლობა, თუმცა კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე კომპანია მაშინ ისაუბრებს, როდესაც ამისთვის შესაბამისი ეტაპი დადგება.
რებრენდინგის წარმატების შეფასებისას "ფორმუსისთვის" მხოლოდ ბრენდის ცნობადობა არ იქნება საკმარისი. ცნობადობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის თავისთავად ვერ განსაზღვრავს, გაამართლა თუ არა ბიზნესმა ის დაპირება, რომელიც ახალი ბრენდის შექმნისას გასცა.
მეკო აბრამიასთვის ამ პროცესის წარმატების შესაფასებლად სამი ძირითადი საკითხი იქნება მნიშვნელოვანი: რას ნიშნავს "ფორმუსი" მომხმარებლისთვის, რამდენად აისახება ბრენდის იდეა კომპანიის მომავალ პროექტებში და რამდენად შეძლებს კომპანია მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებას ზრდის პროცესში.
"თუ რამდენიმე წლის შემდეგ ადამიანს "ფორმუსის" გაგონებისას კონკრეტული ხარისხისა და გამოცდილების მოლოდინი ექნება და ჩვენ ამ მოლოდინის გამართლებას სხვადასხვა პროექტში შევძლებთ, სწორედ ეს იქნება რებრენდინგის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი".