91

Sponsored Content

როგორ ამზადებს ქართული AI სტარტაპი Ostati.AI მომავალ თანამშრომლებს პირველი სამუშაო დღისთვის

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

Ostati.AI HoReCa სექტორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას პასუხობს – პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები ხშირად რეალური სამუშაო გარემოსთვის მზად არ არიან. საქართველოში პროფესიულ პროგრამებზე 38 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, თუმცა სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ თეორიაზეა დაფუძნებული. შედეგად, ბიზნესებს ახალი თანამშრომლების გადამზადებაში დამატებითი დროისა და რესურსის დახარჯვა უწევთ, ხოლო მომსახურების პროცესში დაშვებული შეცდომების ღირებულებას ხშირად თავად იხდიან.

Ostati.AI-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, გრიგოლ ყველაიძის თქმით, პლატფორმის შექმნის იდეა HoReCa ინდუსტრიაში დაგროვილი 16-წლიანი გამოცდილებიდან გაჩნდა.

"წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას ვხედავდი – ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიპლომი, მაგრამ არ ჰქონდეს საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება, რათა გაუმკლავდეს რთულ სტუმარს, დატვირთულ ცვლას ან გაყიდვების პროცესს.

Ostati.AI-ში სტუდენტები სწავლობენ ონლაინ, AI-ზე დაფუძნებულ რეალისტურ სიმულაციებში ავითარებენ პრაქტიკულ უნარებს, იღებენ მყისიერ უკუკავშირს და შემდეგ მიღებულ ცოდნას პარტნიორ ობიექტებში ამტკიცებენ. ჩვენი მიზანია, სწავლა მაქსიმალურად დავაახლოოთ რეალურ სამუშაო გარემოსთან, რათა კადრი პირველივე სამუშაო დღიდან მზად იყოს", – ამბობს გრიგოლ ყველაიძე.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, AI-ს პროფესიულ განათლებაში ინტეგრირება საქართველოში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა და ამ გზის დაწყება ნამდვილად მოითხოვდა გადაწყვეტილების მიღებას მაშინ, როცა შედეგი წინასწარ გარანტირებული არ იყო.

"ბუნებრივად ჩნდებოდა კითხვაც – შეძლებდა თუ არა AI რეალური პროფესიული უნარების განვითარებას? ჩემი გამოცდილებიდან ვიცოდი სად იყო მთავარი პრობლემა და მჯეროდა, რომ ტექნოლოგია პრაქტიკას ვერ ჩაანაცვლებდა, თუმცა სტუდენტს მისთვის გაცილებით უკეთ მოამზადებდა.

ამ გზაზე მარტო არ ვმუშაობ. Ostati.AI-ს ჩემთან ერთად ავითარებენ თანადამფუძნებლები: ლევან გვენცაძე, რომელიც ტექნოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობს და მიხეილ როხვაძე, რომელიც პროფესიული განათლების მეთოდოლოგიასა და პილოტის განხორციელებაზე მუშაობს. სწორედ ჩვენი განსხვავებული გამოცდილებების გაერთიანებამ მოგვცა იდეის რეალურ პროდუქტად ქცევის შესაძლებლობა" – აღნიშნავს ის.

გრიგოლ ყველაიძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის მოპოვება იყო. მისი თქმით, სასწავლო დაწესებულებასა და ბიზნესს სჭირდება მკაფიო პასუხი, თუ რატომ უნდა ენდოს ახალ პლატფორმას, რომელსაც ჯერ ხანგრძლივი ისტორია არ აქვს.

"დაპირებების ნაცვლად ეტაპობრივი ვალიდაციის გზა ავირჩიეთ. შევხვდით რესტორნებს, მოვისმინეთ მათი საჭიროებები, ვაჩვენეთ კონკრეტული სცენარები და თანამშრომლობა პილოტის ფორმატით დავიწყეთ.

შედეგად კოლეჯ "იბერიასთან" ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს 15-20-სტუდენტიან პილოტზე. ქუთაისში 12 რესტორანთან ჩატარებული შეხვედრიდან შვიდი მზადაა ტესტირებისთვის, ხოლო ოთხმა გადახდის ინტერესი დაადასტურა.

მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო GITA-ს 25000-ლარიანი რეგიონული გრანტის მოპოვებაც, რომელმაც პროექტს ინსტიტუციური ნდობა და განვითარების რეალური რესურსი მისცა".

გრიგოლ ყველაიძეს დიდ ინსირაციას რეალური შედეგი აძლევს: ახალგაზრდა, რომელიც პირველ სამუშაო დღეს თავდაჯერებულად იწყებს, სწორად ურთიერთობს სტუმართან და იცის, როგორ იმოქმედოს რთულ სიტუაციაში.

"მამოძრავებს ისიც, რომ ვქმნით ქართულ ტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელსაც რეგიონულ ბაზარზე გასვლის პოტენციალი აქვს. ჩემთვის ეს მხოლოდ კომპანიის შექმნა არ არის: ეს არის შესაძლებლობა, პროფესიული განათლება უფრო პრაქტიკული, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებული გახდეს", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი.

Ostati.AI-ს უახლოესი 12 თვის მთავარი მიზანია კოლეჯ "იბერიაში" პილოტის წარმატებით განხორციელება და გაზომვადი შედეგების მიღება – რამდენად იზრდება სტუდენტების ჩართულობა, ცოდნა და რეალური სამუშაოსთვის მზადყოფნა.

ამ ყველაფრის პარალელურად სრულდება მიმტანის, ბარმენისა და მზარეულის სასწავლო მოდულები, ხოლო რესტორნებთან იწყება მათ ბიზნესზე მორგებული AI ასისტენტის მოდელის ტესტირება. სისტემა თანამშრომლების განვითარებასთან ერთად მომსახურების ხარისხისა და გაყიდვების ზრდაზეც იმუშავებს.

"ასევე ვემზადებით ავტორიზაციის გზისთვის. ჩვენი ამბიციაა, ეტაპობრივად გავხდეთ საქართველოში პირველი AI-ზე დაფუძნებული, ავტორიზებული ონლაინ პროფესიული კოლეჯი, რომელიც სტუდენტებს თანამედროვე სწავლებას, პრაქტიკულ სიმულაციებსა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციამდე მისასვლელ გზას შესთავაზებს. შემდეგი ეტაპია სხვა პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა, პირველი კომერციული კონტრაქტები და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე გასვლა.

ჩვენი მისია მარტივია: შევქმნათ კადრი, რომელიც მზად არის პირველი სამუშაო დღიდანვე", – ამბობს Ostati.AI-ს დამფუძნებელი და დირექტორი, გრიგოლ ყველაიძე.

91-ის გუნდი

91 Staff

91 საქართველოს გუნდი