ჯეფ ბეზოსის მოთხოვნით, Prime Video-ს დიზაინი და ფუნქციონალი AI-ზე მორგებული გახდება
By Sherin Shibu
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
Amazon-ს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ამ დროისთვის უკვე ასობით მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული. მხოლოდ წელს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა AI ინფრასტრუქტურისათვის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი გამოყო, წამყვან AI სტარტაპ Anthropic-ში კი დამატებით 25 მილიარდის ინვესტიცია ჩადო.
ამჯერად Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, ჯეფ ბეზოსს, სურს მეტად თვალსაჩინო გახდეს, რომ ამ მასშტაბურმა ინვესტიციამ გაამართლა. ამ მიზნით მან კომპანიის პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმას – Prime Video-ს მიმართა, რომელსაც 200 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. Reuters-ის ინფორმაციით, ბეზოსმა Prime Video-ს ხელმძღვანელს, მაიკ ჰოპკინსს, პლატფორმის დიზაინისა და ფუნქციონალის შეცვლა დაავალა. შიდა ბიზნესწრეში ამ პროექტს Lighthouse-ს უწოდებენ, რადგან მისი მიზანია Amazon-ის AI შესაძლებლობების წინ წამოწევა.
Reuters-ის ცნობით, Lighthouse-ის იდეა 2025 წლის შემოდგომაზე გაჩნდა, როდესაც Prime Video-ს მენეჯმენტმა ბეზოსს პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც ცნობილია, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა – ბეზოსი უკმაყოფილო დარჩა ჰოპკინსის ხედვით პლატფორმის განახლებაზე და მისგან მოითხოვა, რომ მთავარი აქცენტი AI-სა და მომხმარებელზე მორგებულ პერსონალიზაციაზე გაკეთებულიყო.
Reuters წერს, რომ ბეზოსის მითითებით, ჰოპკინსმა მთავარი ეკრანი და პლატფორმის ინტერფეისი ძირფესვიანად უნდა შეცვალოს ისე, რომ AI-ზე მორგებული ფუნქციები პრიორიტეტული იყოს.
Prime Video-ს მთავარი ეკრანის დიდი ნაწილი ამჟამად ეთმობა ალგორითმულ რეკომენდაციებს, რომლებიც მომხმარებლის ისტორიას ემყარება. გარდა ამისა, მთავარი ეკრანის დიდი ნაწილი სტუდიების სხვადასხვა პროექტს უჩვენებს მომხმარებელს, რომელშიც სტრიმინგ პლატფორმა რეკლამის სახით შემოსავალს იღებს.
Reuters-თან გაკეთებულ კომენტარში, Parks Associates-ის გასართობი სფეროს კვლევების დირექტორმა, მაიკლ გუდმანმა განაცხადა, რომ თუ Amazon ამ სისტემას შეცვლის და აქცენტს პერსონალიზაციაზე გადაიტანს, ეს სერიოზულად დარტყამს იმ მოდელს, რომლითაც სტუდიები საკუთარ მასალას პრიორიტეტულად სთავაზობენ მომხმარებელს. "მთავარ ეკრანზე ადგილს დიდი ფასი აქვს, ამიტომ ამ სივრცის დაკარგვა მათთვის დიდი დარტყმა იქნება", – აღნიშნა გუდმანმა.
Lighthouse-ის დიზაინის ცვლილების შედეგად, Prime Video უარს იტყვის ფილმების სტანდარტულ ბადესა და სარეკლამო კონტენტზე. მათ ჩაანაცვლებს დინამიკური ე.წ. ფიდი, რომელსაც რეალურ დროში Amazon-ის ალგორითმები დაახარისხებს. კომპანია მუშაობს AI-ის ახალ ფუნქციებზე, რომლებიც უკეთ მოერგება მაყურებლის გემოვნებას და ხმოვან მითითებებზეც ექნება რეაგირება.
Amazon გეგმავს ისეთი სიახლ᳥ების წარდგენას, როგორებიცაა AI-ით გენერირებული გარეკანის ფოტოები, ე.წ. thumbnails. ასევე მომხმარებლები ისარგებლებენ ძიების გაუმჯობესებული ფილტრებით, მაგალითად: "80-იანების მძაფრსიუჟეტიანი ფილმები" ან "საშობაო კომედიები". ასევე იგეგმება მეტად ძლიერი ინტეგრაცია Alexa-ს ხმოვან ასისტენტთან.
კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ Lighthouse-ის ფარგლებში Prime Video-ს სრულიად ახალი მთავარი გვერდი ექნება, თუმცა ძებნის სტანდარტული ფუნქცია უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, ეკრანის ზედა ნაწილში მაინც შენარჩუნდება სივრცე პრემიერების, პლატფორმაზე ახლად განთავსებული მასალისა თუ სპორტული ღონისძიებების ანონსებისთვის.
Amazon ახალ დიზაინს მომხმარებელთა მცირე ჯგუფზე უკვე ტესტავს. შესაბამისად, საბოლოო სახე შესაძლოა, კიდევ შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა უკუკავშირს მიიღებს კომპანია ტესტირების პროცესში.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი