91

NODI – პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს ცვლის

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

ქეთი ბურდული

თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის ინდუსტრიებს, გამონაკლისი არც განათლების სფეროა. თუმცა, დღესდღეობით, საქართველოს რეალობაში, განათლების სისტემაში ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდელებისა თუ პლატფორმების ნაკლებობა ჯერ კიდევ გამოწვევაა. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა სტარტაპი , რომელიც ტრადიციული საგანმანათლებლო მოდელის ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.

როგორც დამფუძნებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, ეს არ არის უბრალოდ მორიგი ჩატბოტი – ეროვნულ კურიკულუმზე მორგებული, პერსონალიზებული სწავლების პლატფორმაა, რომელიც მოსწავლესთან ინტერაქციით აფასებს მის ცოდნას, პოულობს კონკრეტულ ხარვეზებს და შემდეგ ინდივიდუალურად უმზადებს სასწავლო მასალებს, დავალებებსა თუ ახსნა-განმარტებებს. მარტივად რომ ვთქვათ, NODI თითოეულ მოსწავლეს საკუთარ სასწავლო ტრაექტორიას უქმნის და ზუსტად იმ საკითხების დაძლევაში ეხმარება, სადაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.

პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: თავდაპირველად მოსწავლე გადის ტესტს, რითაც სისტემა მის საწყის წერტილს განსაზღვრავს. მიღებული შედეგების საფუძველზე ალგორითმი აანალიზებს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რის შემდეგაც ავტომატურად გენერირდება ინდივიდუალური სავარჯიშოები და თეორიული მასალა. რაც მთავარია, ეს ერთჯერადი პროცესი არ არის – პლატფორმა რეალურ დროში, ყოველი შესრულებული დავალების შემდეგ აკვირდება დინამიკას და პროგრამაც მოსწავლის მიმდინარე პროგრესის შესაბამისად მუდმივად ადაპტირდება. ეს მიდგომა სწავლას მაქსიმალურად ოპტიმალურს ხდის, რადგან დრო მიზნობრივად მხოლოდ იმ საკითხების დამუშავებაზე იხარჯება, რომლებიც მოსწავლის ცოდნის დონის განვითარებას აფერხებს.

NODI-ს შექმნის იდეაზე, მის კონცეფციასა და უპირატესობებზე 91 პლატფორმის თანადამფუძნებელს, ქეთი ბურდულს ესაუბრა:

"NODI შეიქმნა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად – დღეს სკოლებში ერთი და იმავე პროგრამით უამრავი ბავშვი სწავლობს, თუმცა თითოეულ მათგანს ინდივიდუალური საჭიროებები და ცოდნის სხვადასხვა დონე აქვს. მასწავლებელს ხშირად არ აქვს საკმარისი დრო, რომ თითოეულ მოსწავლეს პერსონალურად მოერგოს. შედეგად, ზოგი ჩამორჩება სასწავლო პროცესს, ზოგი კი იმის გამო კარგავს ინტერესს, რომ მასალა მისთვის ზედმეტად მარტივია. ამ ყოველივეს მივყავართ დემოტივირებულ მოსწავლეებამდე, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრობლემა მათ უნარებში, მონდომებასა თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებშია. NODI სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. ის თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უდგება, ავლენს კონკრეტულ ხარვეზებს და უზრუნველყოფს პერსონალიზებულ სასწავლო პროცესს, რაც ტრადიციულ საკლასო გარემოში ხშირად რთულად მისაღწევია".

ამ ეტაპზე პლატფორმის სამიზნე აუდიტორია საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეები არიან. NODI ერთნაირად პასუხობს როგორც იმ ბავშვების საჭიროებებს, რომლებსაც პროგრამის ათვისება უჭირთ ან გამოცდებისთვის ემზადებიან, ისე მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეების ინტერესებს, რომელთაც მეტი გამოწვევა და ცოდნის გაღრმავება სურთ. პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესი მათემატიკით დაიწყება, თუმცა საგნობრივი არეალი მშობლებისა და მოსწავლეების მოთხოვნით ეტაპობრივად გაიზრდება. სამომავლოდ კი, სტარტაპის სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები, მასწავლებლები და თავად სკოლებიც შეემატებიან.

NODI-ს შემქმნელების მთავარი მიზანია, ის სერვისი, რომელიც აქამდე მხოლოდ ძვირადღირებულ კერძო რეპეტიტორებთან ასოცირდებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ნებისმიერი ოჯახისთვის ხელმისაწვდომად აქციონ. ამგვარად, ხელოვნური ინტელექტი იძენს თავის უმთავრეს დანიშნულებას – ხდება ხარისხიანი, ინდივიდუალური განათლების დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი.

განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა დროის ფაქტორი და სრული გამჭვირვალობაა. ტრადიციულ სისტემაში მოსწავლე ხშირად დამოკიდებულია მასწავლებლის თუ რეპეტიტორის განრიგზე, NODI კი ამ ბარიერს სრულად აქრობს.

"NODI მუდმივად ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს პლატფორმით. როდესაც ბავშვი ხედავს საკუთარ პროგრესს და სწავლობს მისთვის შესაბამის დონეზე, მისი მოტივაციაც მკვეთრად იზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალეა მშობლისთვის. რეგისტრაციისას მშობელი ქმნის როგორც თავის, ისე შვილის ანგარიშს. შედეგად, ის სასწავლო პროცესის და მიღწეული პროგრესის საქმის კურსშია, მან მუდმივად იცის, თუ რა კონკრეტულ საკითხებში სჭირდება მოსწავლეს კვლავ მხარდაჭერა და რა საკითხებში გაიუმჯობესა ცოდნა პლატფორმის დახმარებით", – აღნიშნავს NODI-ს დამფუძნებელი 91-თან ინტერვიუში.

როდესაც საქმე სასკოლო განათლებასა და მოზარდის აკადემიურ განვითარებას ეხება, ზოგადი ციფრული ასისტენტები ხშირად ვერ პასუხობენ სპეციფიკურ საგანმანათლებლო საჭიროებებს. სწორედ აქ ვლინდება NODI-ს ფუნდამენტური განსხვავება გლობალური პლატფორმებისგან.

"ბაზარზე არსებული ჩატბოტები უნივერსალური AI ინსტრუმენტებია. მათ შეუძლიათ კითხვებზე პასუხის გაცემა, ტექსტების შექმნა და სხვადასხვა დავალების შესრულება, თუმცა ისინი სპეციალურად სასკოლო განათლებისთვის არ არიან შექმნილი და არც ლოკალურ საგანმანათლებლო კურიკულუმს ერგებიან. NODI-ს მთავარი განსხვავება ის არის, რომ ის არ არის უბრალოდ ჩატბოტი და მისთვის ხელოვნური ინტელექტის ელემენტი მხოლოდ ინსტრუმენტია. საინფორმაციო ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც NODI მუშაობს, შესაბამისი უწყებების მიერ ავტორიზებული სახელმძღვანელოებია. ამასთანავე, ჩვენი ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი რეალურ დროში ადაპტირებაა. თუ ChatGPT უბრალოდ, კითხვაზე პასუხს გაძლევთ, NODI ცდილობს გაარკვიოს, რატომ გაუჭირდა მოსწავლეს ეს კითხვა, რომელი ფუნდამენტური ცოდნა აკლია მას და როგორ უნდა შეივსოს ეს ხარვეზი ეტაპობრივად. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი პლატფორმა შესაბამისი გაკვეთილების გენერირებას ახდენს, რაც, თავის მხრივ, ცოდნაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება", – განმარტავს ქეთი ბურდული.

გარდა ხელოვნური ინტელექტისა, NODI-ს ეკოსისტემაზე პროფესიონალი მათემატიკის მასწავლებლები და საგნობრივი ექსპერტები მუშაობენ. ისინი მრჩევლების როლში არიან და პლატფორმის სასწავლო მასალის ხარისხსა და შინაარსობრივ სიზუსტეს აკონტროლებენ, რაც ტექნოლოგიურ ინოვაციას რეალურ საგანმანათლებლო გამოცდილებასთან აკავშირებს.

ნებისმიერი წარმატებული პროექტის მიღმა ძლიერი და მრავალმხრივი გუნდი დგას. NODI-ს შემთხვევაშიც, იდეამ რეალური ფორმა ორი დამფუძნებლის პროფესიონალიზმის სინთეზით მიიღო – ქეთი ბურდულმა და ომარ შირინიანმა საგანმანათლებლო, იურიდიული და უახლესი ტექნოლოგიური გამოცდილება გააერთიანეს.

ომარ შირინიანი

ქეთი ბურდული პროფესიით იურისტია, რომელიც 8 წელზე მეტია სამართლის, რეგულაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს. მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა წლების განმავლობაში აკადემიური საქმიანობისას და სტუდენტებთან ურთიერთობისას მიღებული გამოცდილება, რამაც პრაქტიკულად დაანახა საგანმანათლებლო სისტემის გამოწვევები და ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობა.

თუმცა NODI-ის შექმნის იდეა მხოლოდ პროფესიული გამოცდილების შედეგი არ ყოფილა. პროექტის მთავარი შთაგონება ქეთის პატარა ძმა, ნოდი გახდა, რომლის სახელსაც დღეს პლატფორმა ატარებს.

ნოდიზე დაკვირვებისას ქეთიმ დაინახა, როგორ ახერხებდა ის დამოუკიდებლად სწავლის ეფექტური მეთოდების პოვნას. ის მუდმივად აკვირდებოდა საკუთარ პროგრესს, აკონტროლებდა ტემპს, არჩევდა მასზე მორგებულ მიდგომებს და დროთა განმავლობაში შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც სწავლაში ეხმარებოდა. ამან ქეთის გაუჩინა კითხვა – რატომ არ უნდა ჰქონდეს ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა, მიიღოს მის საჭიროებებზე, სტილსა და ტემპზე მორგებული მხარდაჭერა?

სწორედ ამიტომ ჰქვია პლატფორმას NODI. ის არის სიმბოლო იდეისა, რომ ყველა მოსწავლე უნიკალურია და სჭირდება პერსონალური მიდგომა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.

პროექტის ტექნოლოგიურ და საინჟინრო მიმართულებას კი ომარ შირინიანი უძღვება. მას პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალეფექტური, მომხმარებელზე ორიენტირებული ვებაპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. ის ასევე არის UI/UX დიზაინერი და აქტიურად საქმიანობს როგორც Medium-ის Tech Writer, სადაც რთულ საინჟინრო კონცეფციებს ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ და საინტერესო ენაზე თარგმნის. იგი წარსულში ასევე ხელმძღვანელობდა Google-ის დეველოპერთა სტუდენტურ კლუბს. ომარი დღეს დეველოპერების გუნდს მართავს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ პლატფორმა გამართული და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

NODI-მ საკუთარი ინოვაციური მიდგომით საერთაშორისო ექსპერტების ყურადღებაც მიიპყრო – პლატფორმა 1 500 აპლიკანტს შორის Startupbootcamp-ის 20 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა და GITA-ს ჩართულობით პირველადი საინვესტიციო გრანტიც მოიპოვა. თუმცა, დამფუძნებლების გეგმები გაცილებით მასშტაბურია და გლობალურ ბაზარზე გასვლას გულისხმობს.

"NODI-ს ვხედავთ როგორც განათლების მასშტაბურ ეკოსისტემას, რომელიც ეტაპობრივად სხვადასხვა საგანსა და კლასებს დაფარავს. სამომავლოდ, პლატფორმა სკოლებისა და მასწავლებლების ციფრული ასისტენტიც გახდება, რაც პედაგოგებს კლასში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს ჰყავდეს AI-თანამგზავრი, რომელიც მის ძლიერ და სუსტ მხარეებს მუდმივად დააკვირდება და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში დაეხმარება. მიღებული საწყისი გრანტი სრულად მოხმარდა პლატფორმის პირველი ვერსიის აშენებას, მომავალში კი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ, რათა NODI საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიან პროდუქტად ვაქციოთ", – ამბობენ NODI-ს დამფუძნებლები.