"ქათქათი": ევროპული სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხზე დაფუძნებული სერვისი
Opinions expressed by 91 contributors are their own.
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
სასტუმროებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მომსახურების ხარისხი ხშირად ისეთ დეტალებს ეყრდნობა, რომლებსაც სტუმარი ერთი შეხედვით ვერც კი ამჩნევს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტექსტილის პროფესიონალური მოვლა, რომელიც როგორც მომხმარებლის გამოცდილებაზე, ისე ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე ახდენს გავლენას.
ოჯახური ბიზნესის, "ქათქათის" დამფუძნებლებმა, რეზო სურგულაძემ და ნათია ცხვედაძემ, ბაზარზე არსებული პრობლემები შესაძლებლობად აქციეს და შექმნეს კომპანია, რომლის მთავარი პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაა. ინტერვიუში ისინი გვიყვებიან, როგორ დაიბადა ბიზნესის იდეა, რა გამოწვევებს წააწყდნენ და რა გეგმები აქვთ კომპანიის განვითარებისთვის.
რა იყო მთავარი პრობლემა ან გამოწვევა ბაზარზე, რომელმაც "ქათქათის" შექმნის იდეამდე მიგიყვანათ?
მეგობრების შეკრებაზე მოვისმინეთ ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის უკმაყოფილება თეთრეულის რეცხვის ბიზნესში არსებული პრობლემების შესახებ. ამის შემდეგ სხვა სასტუმროების გამოცდილებაც მოვიკვლიეთ და გადავწყვიტეთ, ეს გამოწვევები საკუთარ თავზე აგვეღო და გაგვეხსნა სამრეცხაო, რომელიც ამ სფეროში მაღალხარისხიანი სერვისითა და მომსახურებით გამოირჩეოდა.
ბიზნესის შესწავლა სასტუმროების წარმომადგენლებთან გასაუბრებით დავიწყეთ, რათა უკეთ გაგვეგო, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ისინი. მათთვის ყველაზე მტკივნეული საკითხები იყო დაგვიანებული მიწოდება, არასწორი რეცხვის შედეგად დარჩენილი ამოუყვანელი ლაქები და ფერის ცვლილება, თეთრეულის ხშირი დაზიანება ან დახევა, თმით დაბინძურება, ასევე დაკარგული ან ერთმანეთში არეული ტექსტილი.

სწორედ ამ პრობლემების გადაჭრა გახდა ჩვენი ბიზნესის შექმნის მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხისა და სწრაფი მიწოდების სერვისის შეთავაზება.
სასტუმროებისა და სპა/ფიტნესსექტორის მომსახურებაში რა მნიშვნელობა აქვს ტექსტილის ხარისხიან დამუშავებას და რატომ არის ეს ბიზნესისთვის კრიტიკული?
ტექსტილის არასწორი დამუშავება და რეცხვა იწვევს ფერის ცვლილებას, ჩამჯდარ ლაქებსა და ქსოვილის ნაადრევ დაზიანებას. გარდა იმისა, რომ ეს სტუმრების უკმაყოფილებას იწვევს, ბიზნესს ხშირად უწევს ახალი თეთრეულის შეძენაც, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
სწორი რეცხვა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ტექნიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასში საკმაოდ დიდი სხვაობა იყო, არჩევანი გავაკეთეთ წამყვანი ჩეხური ბრენდის დანადგარებზე, რომელიც 1973 წლიდან გამოირჩევა საიმედოობით, ხარისხითა და ეფექტიანობით.
სარეცხი, საშრობი და საუთოებელი დანადგარების ინოვაციური, "ჭკვიანი" მოდელები უზრუნველყოფს ტექსტილის მაქსიმალურ სისუფთავეს ხარისხის სრული დაცვით.
როგორ ახერხებთ, რომ "ქათქათი" კონკურენტებისგან მომსახურების ხარისხით გამორჩეული იყოს?
უახლესი ტექნიკის გარდა, ვიყენებთ ფრანგული ბრენდის ექვსკომპონენტიან ხსნარებს, რაც ლაქების 99%-ის ამოყვანისა და იდეალური, ქათქათა თეთრი ფერის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. არასწორი რეცხვის შედეგად განაცრისფრებულ თეთრეულსაც კი ვაახლებთ და თავდაპირველ იერს ვუბრუნებთ.
ჩვენი მიზანი თავიდანვე ევროპული სტანდარტების დაცვა იყო, რაც 60 გრადუსზე რეცხვას და ევროპული ხარისხის ხსნარების გამოყენებას გულისხმობს. არ ვიყენებთ მაღალტემპერატურულ რეცხვას, რომელიც ქსოვილს აზიანებს. სარეცხ მანქანაში არ ვამატებთ ქლორის ხსნარს და არ ვიყენებთ დაბალი ხარისხის სარეცხ საშუალებებს.
ქლორი ლაქების დასამუშავებლად ეფექტიანი საშუალებაა, თუმცა მისი არასწორი და ხშირი გამოყენება ქსოვილს მნიშვნელოვნად აზიანებს, უცვლის ფერს და ასუსტებს მას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქლორს მხოლოდ ლოკალური, წერტილოვანი დამუშავების დროს ვიყენებთ.
ყველა ეს დეტალი გათვლილია იმისთვის, რომ თეთრეულის ქსოვილი არ დაზიანდეს, არ შეიცვალოს ფერი და არ დაიხეს.
გარდა ამისა, სრულად ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში, ვაკონტროლებთ ყველა დეტალს და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ხსნარების მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებთან, რათა მუდმივად ვეცნობოდეთ ბაზარზე არსებულ სიახლეებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.
ოჯახური ბიზნესის მართვას თავისი სპეციფიკა აქვს. როგორ ანაწილებთ პასუხისმგებლობებს და რა გაძლევთ პარტნიორული მუშაობის ძალას?
20-წლიანი ურთიერთობა ბიზნესშიც ძალიან გამოგვადგა. კარგად ვიცნობთ ერთმანეთის ძლიერ მხარეებს და პასუხისმგებლობებსაც სწორედ ამის მიხედვით ვინაწილებთ.
ხშირად თავადაც ვანაცვლებთ თანამშრომლებს და უშუალოდ ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს ვხედავთ, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რა ნაბიჯებია ამისთვის გადასადგმელი.

რამდენი თანამშრომელია "ქათქათში" დასაქმებული?
მაღალი ხარისხის მისაღებად მხოლოდ თანამედროვე დანადგარები არ არის საკმარისი, რადგან ამ საქმეში ადამიანის ჩართულობა ძალიან დიდ როლს ასრულებს. საკმაოდ გაგვიჭირდა და თითქმის ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შეგვერჩია გუნდის წევრები. დღეს კი ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო თანამშრომლები გვყავს.
ამ ეტაპზე "ქათქათში" 10 პროფესიონალია დასაქმებული. საწარმოს ზრდასთან ერთად, ეს რიცხვი შესაძლოა 50-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, უკვე გვაქვს კადრების გადამზადების პროგრამა, რომლის საშუალებითაც გამოუცდელი თანამშრომლის პროფესიონალად ჩამოყალიბებას ვახერხებთ.
რა არის "ქათქათის" მთავარი მიზანი და როგორ წარმოგიდგენიათ კომპანიის განვითარება მომავალ წლებში?
დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი საწარმო მზად არის დამატებით 400 ნომრის მომსახურებისთვის. სამომავლო გეგმებში კი ქიმწმენდის მიმართულების დამატება შედის. თუმცა, როგორც თეთრეულის მოვლის სფეროში, აქაც ჩვენი მიზანია, საუკეთესოები ვიყოთ.
ქიმწმენდა საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სწავლისა და განვითარების პროცესში ვართ.