ქართული ტანსაცმლის ბრენდის გლობალური წარმატება – SMAKI ნიუ-იორკის საგამოფენო სივრცეში
You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.
მოდის სფერო ვიზუალური ხელოვნების ყველაზე ინტერაქციული და ცოცხალი ფორმაა. ტანსაცმელი კი მხოლოდ ფუნქციური ელემენტი არ არის – ეს არის იდენტობის გამომხატველი დეტალი, რომელიც მისი მფლობელის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.
სწორედ უნიკალურობისა და თვითგამოხატვის თავისუფლების ეს იდეა იქცა ქართული ბრენდის, Smaki-ს მთავარ კონცეფციად. დიზაინერ მაია სირაძის მიერ შექმნილი ბრენდი უარს ამბობს ჩარჩოებზე და ქმნის მოდელებს, რომლებსაც ძლიერი ხელწერა და იდენტობა გამოარჩევს. ახლახან SMAKI ნიუ-იორკის საგამოფენო სივრცეში მიიწვიეს, რაც, დიზაინერის თქმით, ბრენდისადმი გაჩენილი საერთაშორისო ინტერესის ბუნებრივი შედეგია.
SMAKI-ს კონცეფციის, ბრენდის განვითარებისა და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირების შესახებ 91 ბრენდის დამფუძნებელსა და შემოქმედებით ხელმძღვანელს, მაია სირაძეს ესაუბრა.
დიზაინერ მაია სირაძისთვის მოდის ინდუსტრიაში მოხვედრა ბუნებრივი, შინაგანი პროცესი იყო – ბავშვობის ინტუიციური ძიებებიდან საკუთარი ბრენდის მკაფიო კონცეფციის ჩამოყალიბებამდე.
"მოდის ინდუსტრიაში ჩემი შემოქმედებითი გზა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე საერთოდ მოდის მნიშვნელობას გავიაზრებდი. ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი სტანდარტულ სამოსს – ყოველთვის ვცვლიდი რაღაცას, ვაკერებდი აპლიკაციას თუ ვუმატებდი მოქსოვილ დეტალებს, რადგან განსაკუთრებული მოთხოვნილება მქონდა, ტანსაცმელი ჩემი ხასიათისთვის მომერგო. ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად გავიაზრე, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო და სხვა პროფესიაზე აღარც მიფიქრია".
მოდის ინდუსტრია დინამიკური და მუდმივად ცვალებადია. სეზონიდან სეზონამდე იცვლება კოლექციები, ტენდენციები და ესთეტიკური სტანდარტები. თუმცა, დროის ამ სწრაფ დინებაში წარმატებულ და ჩამოყალიბებულ ბრენდებს ყოველთვის აქვთ თავიანთი უცვლელი იდენტობის კოდი – ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც მათ ხასიათსა და ფილოსოფიას განსაზღვრავს. დიზაინერ მაია სირაძისთვის SMAKI-ს ამოსავალი წერტილი უპირობო თვითგამოხატვაა.
"ბრენდის იდენტობას აღვწერ, როგორც აბსოლუტურ უფლებას საკუთარი თავის უნიკალურად გამოსახატავად. არა იდეალური, არა საუკეთესო, არამედ – ნამდვილი. ზოგადად, მგონია, რომ მოდის სფეროში ყველა ერთი იდეის გარშემო ვერთიანდებით, რაც ადამიანის ინდივიდუალობის წარმოჩენაა. SMAKI სწორედ ჩვენი განსხვავებულობისა და თავისუფლების ზეიმია. მინდა ეს ბრენდი ადამიანებს გაახსენდეთ მაშინ, როდესაც სიცოცხლის ხალისს იგრძნობენ და მაშინაც, როცა საკუთარი თავის გამოსახატავად მეტი ძალა, ენერგია ან სიმამაცე დასჭირდებათ", – ამბობს მაია სირაძე.
მოდის სფეროში, ვიზუალური შედეგის მიღმა, შრომატევადი და ემოციურად დატვირთული შემოქმედებითი პროცესია. ის, რაც შოურუმის თაროზე დახვეწილ, დასრულებულ სახეს იღებს, რეალურად ხანგრძლივი ძიებებისა და ექსპერიმენტების შედეგია.
"მომხმარებლამდე საბოლოოდ დამუშავებული პროდუქტი მიდის, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან მარტივიც კი ჩანდეს. თუმცა, ამ გარეგნული სიმარტივის უკან დიზაინერის მიერ განცდილი ემოციები, ცხოვრებისეული გამოცდილება, საკუთარი ხელით ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი და წარმოუდგენლად დიდი შრომა დგას. ქართული რეალობიდან გამომდინარე კი, ამ ყველაფერს ემატება ის მატერიალური თუ ტექნიკური დაბრკოლებებიც, რომელთა გადალახვაც პროცესში მუდმივად გვიწევს", – განმარტავს SMAKI-ს დამფუძნებელი.
მოდის ინდუსტრია, მიუხედავად მისი გამორჩეულად შემოქმედებითი ბუნებისა, ამავდროულად რთული და კომპლექსური ბიზნესია. იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე გზა მოიცავს უამრავ საწარმოო ციკლს, ბრენდინგს, სწორ პოზიციონირებასა და მომხმარებელთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ახალი ბრენდის ბაზარზე დამკვიდრება არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მაია სირაძისთვის ასეთი საწყისი ბარიერი საკუთარი აუდიტორიის პოვნა აღმოჩნდა. გარდამტეხი მომენტი კი სწორედ მაშინ დადგა, როდესაც პროდუქტის მიღმა მომხმარებლებმა ბრენდის იდეა დაინახეს და მთავარ ღირებულებად სწორედ ის აღიქვეს.
"ყველაზე რთული საკუთარ თავში იმ რწმენის პოვნა იყო, რომ სამყაროში მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც დასჭირდებოდათ ის, რასაც მე ვქმნი – ჩემნაირი ხედვის, იუმორის გრძნობისა და თვითირონიის მქონე ადამიანები, რომლებიც საკუთარი იმიჯით "თამაშში" ამყვებოდნენ. გარდამტეხი ის ეტაპი აღმოჩნდა, როდესაც მივხვდით: მომხმარებელს მხოლოდ კონკრეტული ნივთი კი არა, თავად ბრენდის იდეა და ესთეტიკა აინტერესებდა. სწორედ ამ აღმოჩენამ და პირველმა წარმატებამ მიბიძგა იმ გადაწყვეტილებისკენ, რომ SMAKI-ს ფიზიკური სივრცე გაგვეხსნა", – გვიყვება მაია სირაძე.
როგორც SMAKI-ს დამფუძნებელი ამბობს, ბრენდის შექმნისას ვარაუდობდა, რომ ადგილობრივი მომხმარებლის წილი შედარებით მცირე იქნებოდა. მისი თქმით, საზოგადოების შედარებით კონსერვატიული ბუნების გამო ფიქრობდა, რომ ბრენდის ერთგული აუდიტორიის უდიდესი ნაწილი უცხოელი გახდებოდა. თუმცა, რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.
"არ ველოდი, რომ საქართველოში ამდენი ადამიანი აირჩევდა SMAKI-ს, თუმცა შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. რაც შეეხება ბერლინსა და ნიუ-იორკში ბრენდის პოპულარობას, ეს ჩვენთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა".
თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში გლობალური ცნობადობის მოპოვება მხოლოდ გამორჩეული დიზაინითა და მაღალი ხარისხით აღარ განისაზღვრება. დღევანდელი სტანდარტი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, სადაც საერთაშორისო ბაიერებსა თუ შოურუმებთან პარტნიორობა და ციფრულ სივრცეში აქტიური პოზიციონირება ორგანულად ავსებს ერთმანეთს. SMAKI-ის გუნდიც სწორედ ამ კომპლექსური მიდგომით ავითარებს საერთაშორისო ქსელს. ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ბაიერებთან, შოურუმებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მათ გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებაში ეხმარება. თუმცა, ფიზიკურ სივრცეებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი ციფრულ პლატფორმებზე კეთდება. დიზაინერის ხედვით, თანამედროვე ეპოქაში ბრენდის ფილოსოფიის, ისტორიისა და ესთეტიკის აუდიტორიამდე სწორად მიტანას ისეთივე ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, როგორიც თავად პროდუქტის შექმნას.
ბრენდის საერთაშორისო ცნობადობისა და გლობალური განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ნიუ-იორკის საგამოფენო სივრცეში მოხვედრაა. მოდის ინდუსტრიის ამ მთავარ მეტროპოლისში გამოჩენა ყველა დამოუკიდებელი ბრენდისთვის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, რადგან ის სამომავლო პერსპექტივებსა და სრულიად ახალ მასშტაბებს ხსნის. მაია სირაძის თქმით, SMAKI-ს მიმართ გაჩენილი საერთაშორისო ინტერესი სწორედ ამ პლატფორმაზე წარდგენით გაგრძელდა, რაც ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს უკავშირდება:
"როგორც ბევრ სხვა სფეროში, მოდის დიზაინშიც თამასა ძალიან ამაღლდა. დღესდღეობით უმთავრესი გამოწვევა სწორ პლატფორმაზე მოხვედრაა – სივრცეში, რომელიც პირდაპირ გადის სამიზნე აუდიტორიაზე. საერთაშორისო კარიერული ზრდისთვის სფეროს ექსპერტებთან მუშაობა აუცილებელია, ეს შოუ კი სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს".
ნიუ-იორკში წარმოდგენილი კოლექცია SMAKI-ს კლასიკური ხელწერა იქნება – თანამედროვე სილუეტები, ექსპერიმენტული დეტალები, სითამამე და გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი. თუმცა, დიზაინერის თქმით, ბაზრის თავისებურებების გათვალისწინებით, ნიუანსები განსხვავდება. თუ ბრენდი ბერლინში უფრო კლუბური ესთეტიკის მქონე კოლექციას წარადგენს, ნიუ-იორკისთვის ექსტრავაგანტური ქუჩის სტილის ხაზი შეიქმნა.
ახალი საერთაშორისო პლატფორმების ათვისება SMAKI-სთვის მხოლოდ დასაწყისია. ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება, სამომავლო გეგმებსაც დიდი მასშტაბით სახავს. ნიუ-იორკის შოუს პარალელურად, SMAKI შემოქმედებითი და ბიზნესსტრატეგიის ახალ ეტაპზე გადადის, სადაც მთავარი ამოცანა გლობალური არეალის გაფართოებაა.
"ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი საერთაშორისო განვითარებაა. ვგეგმავთ ახალ კოლექციებს, საინტერესო კოლაბორაციებსა და სხვადასხვა ბაზარზე SMAKI-ს ეტაპობრივად დამკვიდრებას. ჩვენი უმთავრესი სურვილია, რომ მასშტაბურ ზრდასთან ერთად, ბრენდი თავისი ავთენტიკური ხასიათისა და ფილოსოფიისადმი ერთგული დარჩეს", – ამბობს მაია სირაძე, SMAKI-ს დამფუძნებელი.