91³ÉÈË

მან Google დატოვა, რათა საყოფაცხოვრებო ნივთის "ძალიან სულელური" ხარვეზი გამოესწორებინა. ამ "შესანიშნავმა" გადაწყვეტილებამ 20 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა

By Sherin Shibu

You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.

მეჰულ ნარიავალასთვის საყოფაცხოვრებო ნივთის გაუმართაობით გამოწვეული ძვირადღირებული ზიანი 20-მილიონიანი კომპანიის შექმნის საწყის წერტილად იქცა. ნარიავალას 1000 დოლარად ღირებული რობოტი-მტვერსასრუტი ჰქონდა, რომელმაც მისი სახლიდან გასვლის შემდეგ ხალიჩა დააზიანა. ნარიავალა ამ პროცესს თვალს ადევნებდა. მოწყობილობას ძლიერი შეწოვის უნარი ჰქონდა, თუმცა საკმარისად ჭკვიანი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხალიჩიდან თავის დაღწევა მოეხერხებინა. ის ხალიჩაზე გაიჭედა, მუშაობა კიდევ 45 წუთის განმავლობაში განაგრძო და საბოლოოდ მისი ნაწილი მოგლიჯა.

"სწორედ მაშინ მივხვდი: ვაუ, ეს მოწყობილობა მართლაც ძალიან სულელურია", – ამბობს ნარიავალა გამოცემა 91³ÉÈË-თან ინტერვიუში. კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ, როგორც აღმოაჩინა, ბევრი რობოტი-მტვერსასრუტი საკუთარ დამტენ სადგურზე საიმედოდ დაბრუნებასაც ვერ ახერხებდა. "ჩემი აზრით, ასეთი მოწყობილობებისთვის რობოტების წოდება თავისთავად წინააღმდეგობრივია. თუ მოწყობილობა რობოტია, მაგრამ საკუთარ დამტენ სადგურსაც კი ვერ პოულობს, მაშინ რა სარგებლობა მოაქვს მას?" – ამბობს ის.

სწორედ ამ უკმაყოფილებამ ჩაუყარა საფუძველი საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელ კომპანია Matic-ს, რომელიც ნარიავალამ ნავნეეტ დალალთან ერთად დააარსა მას შემდეგ, რაც 2017 წელს ორივემ Google Nest დატოვა. დალალი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, ნარიავალა კი პრეზიდენტი. მათი მიზანი უბრალოდ კიდევ ერთი რობოტი-მტვერსასრუტის შექმნა არ ყოფილა. მათ სურდათ შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც უსაფრთხოდ და უხმაუროდ შეძლებდა რეალური საცხოვრებელი გარემოს უწესრიგობაში გადაადგილებას, გვერდს აუვლიდა შინაურ ცხოველებს, სათამაშოებს, სადენებს, დაღვრილ სითხეებს, ავეჯსა და სახლში მოძრავ ადამიანებს.

ნარიავალას თქმით, 2024 წლის ნოემბერში ბაზარზე გამოსვლის შემდეგ Matic-მა 13 000-ზე მეტი რობოტი გაყიდა, რის შედეგადაც კომპანიის სავარაუდო შემოსავალმა 15-დან 20 მილიონ დოლარამდე შეადგინა. Matic-ის რობოტი-მტვერსასრუტი 1495 დოლარი ღირს. ნარიავალას განცხადებით, კომპანიაში დაახლოებით 110 ადამიანი მუშაობს, ხოლო წლის ბოლომდე 30 000 რობოტის გაყიდვას გეგმავენ.

პრობლემის განსაზღვრა

სანამ Matic-ის შექმნას შეუდგებოდნენ, თანადამფუძნებლებმა ერთი შეხედვით ნაკლებად შთამბეჭდავი საქმე გააკეთეს: შეადგინეს 21-გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც "პრობლემის მემორანდუმი" უწოდეს.

ნარიავალას განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ დაუყოვნებლივ გადაწყვეტის ძიებაზე გადასულიყვნენ, მათ ჯერ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სცადეს: რა არ მოსწონდათ მომხმარებლებს არსებულ პროდუქტებში? რატომ ვერ ამართლებდნენ რობოტი-მტვერსასრუტები მომხმარებელთა მოლოდინს? და რისი გაკეთება უნდა შესძლებოდა საყოფაცხოვრებო რობოტს, რომ მართლაც სასარგებლო ყოფილიყო?

"ჩვენ ისევ და ისევ ვუბრუნდებოდით პრობლემას, ყველა დონეზე განვიხილავდით მას, სანამ მის არსს სიღრმისეულად არ ჩავწვდით", – ამბობს ის.

საბოლოოდ, ამ პროცესის შედეგად შეიქმნა Matic-ის პირველი პროდუქტი, რობოტი-მტვერსასრუტი, რომლის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვას დაეთმო. მოწყობილობა კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიას, მონაცემთა უშუალოდ მოწყობილობაში დამუშავებასა და საცხოვრებელი გარემოს ადამიანის აღქმასთან მიახლოებულ გააზრებას ეფუძნება.

დაიწყეთ პრობლემით

ნარიავალას გზა Matic-ის შექმნამდე ინდოეთში დაიწყო, სადაც ის გაიზარდა. სკოლის ასაკში შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, ბაკალავრიატის საფეხურზე კი მერილენდის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1999 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნარიავალამ მუშაობა დაიწყო ჩრდილოეთ ვირჯინიაში დაფუძნებულ სტარტაპში, რომელმაც 11 თვეში 30 მილიონი დოლარი დახარჯა.

"საბოლოოდ, ეს კოლოსალური მარცხი აღმოჩნდა, – იხსენებს ის, – ეს ჩემთვის ერთგვარი საწყისი გაკვეთილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა დაღუპო სტარტაპი".

საკონსულტაციო კომპანია Accenture-ში მუშაობისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში (Chicago Booth) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის მიღების შემდეგ, 2005 წელს ნარიავალა შეუერთდა Like.com-ს, სილიკონის ველის ერთ-ერთ ადრეულ სტარტაპს, რომელიც კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიებზე მუშაობდა. სწორედ იქ გაიცნო დალალი, მკვლევარი და ინჟინერი, რომლის სადოქტორო ნაშრომმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლასიკური კომპიუტერული ხედვის სფეროზე.

2010 წელს Google-მა Like.com შეიძინა. ამის შემდეგ ნარიავალამ და დალალმა დააარსეს Flutter, სტარტაპი, რომელიც ჟესტების ამოცნობის ტექნოლოგიას ავითარებდა. მისი აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ვებკამერის მეშვეობით, ჟესტებით ემართათ iTunes და Spotify. მაგალითად, სიმღერის შესაცვლელად საკმარისი იყო ხელის დაქნევა, ხოლო ხმის გასათიშად – თითის ტუჩებთან მიტანა, როგორც გაჩუმებისკენ მოწოდებისას. ნარიავალას თქმით, 2012 წელს აპლიკაციამ Apple-ის Mac App Store-ის რეიტინგში 73 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა.

თუმცა დამფუძნებლებმა პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღეს: შთამბეჭდავი ინტერფეისი თავისთავად წარმატებული ბიზნესის შექმნას არ ნიშნავს.

"დილით არავინ იღვიძებს იმ ფიქრით, რომ "დღეს ჟესტებს ვიყიდი, – ამბობს ნარიავალა, – ეს მართლაც ძალიან მაგარი აპლიკაციაა, მაგრამ არა აუცილებლად ისეთი პროდუქტი, რომელსაც შემოსავლის მოტანა შეუძლია".

კიდევ ერთი კომპანიის შეძენა

2013 წლის ბოლოს Google-მა Flutter შეიძინა. მოგვიანებით დამფუძნებლები Nest-ში გადავიდნენ, სადაც ნარიავალა Nest-ის კამერების მიმართულების პროდუქტებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის Nest Cam-ს, კარზე დასამონტაჟებელ ვიდეოზარს – Nest Hello-სა და სხვა დაკავშირებულ მოწყობილობებს. დალალი კი ამავე პროდუქტებისთვის გარემოს აღქმისა (perception) და კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიების განვითარებას ხელმძღვანელობდა.

Nest-ში მუშაობისას ნარიავალამ გააცნობიერა, რომ პროდუქტი მხოლოდ აპარატულ ან პროგრამულ უზრუნველყოფას არ გულისხმობს. ის მოიცავს მომხმარებლის კომპანიასთან ურთიერთობის ყველა ეტაპს, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მისი შეძენიდან და გამოყენების დაწყებიდან (onboarding), მომხმარებელთა მხარდაჭერის მიღებისა და საბოლოოდ იმის გადაწყვეტის ჩათვლით, დარჩეს თუ არა მომხმარებელი ბრენდის ერთგული.

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც იქ ვისწავლე, ის იყო, რომ საბოლოოდ ყველაფერი პროდუქტთან დაკავშირებულ მთლიან გამოცდილებაზეა დამოკიდებული", – აღნიშნავს ის.

მისი აზრით, მომხმარებელთა მხარდაჭერას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ძვირადღირებული სამომხმარებლო მოწყობილობების შემთხვევაში. "როდესაც მომხმარებლები გვიკავშირდებიან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი უშუალოდ ურთიერთობენ იმ ადამიანებთან, რომლებიც Matic-ის უკან დგანან, ამიტომ იმას, თუ როგორ ვპასუხობთ მათ, მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".

კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მიდგომა

Matic-ის დაარსების იდეა პროფესიული გამოცდილებისა და პირადი ცხოვრების გავლენით გაჩნდა. Nest-ის კამერებზე მუშაობისას ნარიავალამ შენიშნა, რომ შენობის შიდა სივრცეებისთვის განკუთვნილი მრავალი კამერა გარეთ იყო მიმართული. ეს მისთვის პირადი გამოცდილებითაც ნაცნობი იყო. მისი მეუღლეც ზუსტად ასე მოიქცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნარიავალამ Google დატოვა, მეუღლეს აღარ სურდა, მათ სახლში ყოფილიყო კამერები, რომლებიც იქ მიმდინარე მოვლენებს დააკვირდებოდა.

"სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის კონფიდენციალურობა", – ამბობს ის.

დამფუძნებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ საყოფაცხოვრებო საქმის ავტომატიზაციის სანაცვლოდ კონფიდენციალურობის დათმობა არ სურდათ. მათ სურდათ შეექმნათ რობოტი, რომელიც საცხოვრებელი გარემოს შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მოწყობილობაში დაამუშავებდა და არა ისეთი მოწყობილობა, რომელიც მუდმივად ჩართული, ღრუბლოვან სისტემასთან დაკავშირებული კამერის მსგავსად იმუშავებდა და ყველაფერს ჩაიწერდა.

"როგორც მამებსა და სახლის მფლობელებს, არ გვსურს, მხოლოდ იატაკის სისუფთავის შესანარჩუნებლად კონფიდენციალურობა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ. რატომ უნდა შემოვიტანო სახლში მოწყობილობა, რომელიც მათ მუდმივად იღებს და ჩანაწერებს ღრუბლოვან სისტემაში აგზავნის?"

თანადამფუძნებლებმა უფრო ფართო შესაძლებლობაც დაინახეს, ერთგვარი შეუსაბამობა თვითმართვადი ავტომობილების სფეროში რობოტიკის განვითარების ამბიციურ გეგმებსა და საყოფაცხოვრებო საწმენდი რობოტების საშუალო დონის ეფექტიანობას შორის. ნარიავალას აინტერესებდა: თუ კომპანიებს სჯერათ, რომ შეუძლიათ შექმნან ავტომობილები, რომლებიც გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან, რატომ არავინ ქმნის საყოფაცხოვრებო რობოტს, რომელიც მისაღებ ოთახში ისე შეძლებს გადაადგილებას, რომ საგნებს არ შეეჯახოს?

Matic-ის უნიკალური გადაწყვეტა ნივთებით გადატვირთული სახლებისთვის

ნარიავალას თქმით, საცხოვრებელი სახლები რობოტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გარემოა, რადგან ისინი ნივთებითაა გადატვირთული, მუდმივად იცვლება და თითოეული მათგანი ინდივიდუალურია. ავეჯი ადგილს იცვლის, განათება იცვლება, ბავშვები სათამაშოებს მიმოფანტავენ, შინაური ცხოველები ოთახში გადაადგილდებიან. დღეს იატაკზე შეიძლება სადენი ეგდოს, ხვალ კი იმავე ადგილას აღარ იყოს.

Matic-მა ამ გამოწვევას უპასუხა ვიზუალურ აღქმაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ორ RGB კამერასა და მონაცემთა ადგილობრივ დამუშავებას იყენებს. რობოტი-მტვერსასრუტებისთვის დამახასიათებელი ბრტყელი, მრგვალი ფორმის ნაცვლად, კომპანიამ უფრო მაღალი კონსტრუქცია აირჩია, რაც კამერებს ოთახის უკეთ აღქმის შესაძლებლობას აძლევს.

"გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ხედვის წერტილი, რომელიც გაცილებით მეტად დაემსგავსებოდა ოთხზე მცოცავი ბავშვის ხედვის პერსპექტივას", – ამბობს ნარიავალა.

ეს კონცეფცია დალალის უფრო ფართო ფილოსოფიას ასახავს: არ უნდა დაუპირისპირდე ბუნების კანონზომიერებებს. ნარიავალას თქმით, ადამიანები ჯერ გარემოს აღქმას სწავლობენ და მხოლოდ ამის შემდეგ იძენენ უფრო რთულ უნარებს. მცირეწლოვანი ბავშვები სწავლობენ, სად შეუძლიათ გადაადგილება, რას უნდა მოერიდონ, როგორ გადავიდნენ ერთი ოთახიდან მეორეში და როგორ აიცილონ თავიდან კიბიდან ჩამოვარდნა. Matic-ის საწყის ეტაპზე მუშაობა სწორედ რობოტისთვის მსგავსი ფუნდამენტური უნარების მინიჭებაზე იყო ორიენტირებული.

"შენობების შიდა სივრცეები მთლიანად ადამიანების მიერ და ადამიანებისთვისაა შექმნილი", – ამბობს ის.

კომპანიის დაფინანსება საკუთარი სახსრებით

ნარიავალასა და დალალს ვენჩურული დაფინანსების მოძიება დაუყოვნებლივ არ დაუწყიათ. მათ წარსულში უკვე ჰქონდათ კომპანიების დაარსებისა და მათი შესყიდვის შემდგომი პროცესების გამოცდილება, ამიტომ სურდათ, Matic გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი კომპანია ყოფილიყო. მათი ამბიციები მხოლოდ იატაკის დასუფთავებით არ შემოიფარგლებოდა.

"ჩვენ, ფაქტობრივად, საყოფაცხოვრებო რობოტიკის სფეროს Apple-ს ვქმნით", – ამბობს ნარიავალა.

ამ გრძელვადიანმა ხედვამ განაპირობა საწყის ეტაპზე მიღებული უჩვეულო გადაწყვეტილებაც. თანადამფუძნებლები დაახლოებით პირველი წელიწად-ნახევრის განმავლობაში Matic-ს საკუთარი სახსრებით აფინანსებდნენ. მათ გადაწყვიტეს, გარე კაპიტალი არ მოეზიდათ მანამ, სანამ მოქმედი პროტოტიპი არ ექნებოდათ და ძირითად ტექნიკურ რისკებს არ აღმოფხვრიდნენ.

"დაფინანსების მოზიდვა არასოდეს არის მარტივი, მაგრამ როდესაც უკვე გაქვს კომპანიის გაყიდვით ბიზნესიდან წარმატებით გასვლის (exit) გამოცდილება და მეორე სტარტაპის შექმნას ცდილობ, ეს პროცესი ოდნავ მარტივდება, – აღნიშნავს ნარიავალა, – თუმცა სწორედ იმის გამო, რომ დაფინანსების მოზიდვა შედარებით ადვილია, შესაძლოა საკმარისი დრო აღარ დაუთმო იდეის საფუძვლიანად გააზრებასა და განვითარებას, რასაც ზოგჯერ კატასტროფული შედეგები მოჰყვება".

გუნდი ყურადღებას ამახვილებდა რამდენიმე საკვანძო ტექნოლოგიური შესაძლებლობის პრაქტიკულ დადასტურებაზე: ორი კამერის მეშვეობით სიღრმის აღქმაზე, ხმისა და ჟესტების ამოცნობაზე, დასუფთავების უფრო ჩუმ პროცესსა და ბორბლებიანი ბაზის კონსტრუქციის შემუშავებაზე. პირველი პროტოტიპი 2018 წელს შეიქმნა. 2019 წლის გაზაფხულისთვის გუნდს უკვე შემუშავებული ჰქონდა ადრეული სადემონსტრაციო მოდელი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლო რობოტთან საუბარი, დაბინძურებულ ადგილზე მითითება და მისთვის კონკრეტული ადგილის დასუფთავების დავალება.

მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დამფუძნებლებმა კაპიტალის მოზიდვა.

"ვენჩურული, ანუ ინსტიტუციური დაფინანსება რაკეტის საწვავს ჰგავს, საწვავის მოსაპოვებლად საუკეთესო დრო მაშინ დგება, როდესაც შენი რაკეტა უკვე მზად არის და გაშვების პოზიციაზე დგას".

2019 წელს Matic-მა ადრეულ ეტაპზე ინვესტიციები მოიზიდა ისეთი მეწარმეებისგან, როგორებიც არიან ჯეკ დორსი, Stripe-ის თანადამფუძნებლები, პატრიკ და ჯონ კოლისონები, და Nest-ის თანადამფუძნებელი მეტ როჯერსი.

მოსალოდნელზე ხანგრძლივი გზა

დღემდე Matic-მა გარე ინვესტიციების სახით 115 მილიონი დოლარი მოიზიდა. ამას ემატება დამფუძნებლების მიერ პირადად ინვესტირებული თანხებიც.

კომპანიის განვითარების პროცესი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. თავდაპირველად დამფუძნებლები ვარაუდობდნენ, რომ პროდუქტის მიწოდებას დაახლოებით 2020 ან 2021 წელს დაიწყებდნენ, თუმცა Matic-მა პროდუქციის მიწოდება მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში დაიწყო.

აგვისტოში აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) უცხოეთში წარმოებულ მოწინავე რობოტებზე, მათ შორის რობოტ-მტვერსასრუტებზე, შეზღუდვა დააწესა. გადაწყვეტილების თანახმად, უცხოური წარმოების ახალ მოდელებზე მომავალში იმპორტისა და გაყიდვის ნებართვები აღარ გაიცემა.

ნარიავალას თქმით, ეს აკრძალვა Matic-ზე არ ვრცელდება და პირიქით, კომპანიას შეერთებულ შტატებში რობოტების წარმოებას "უადვილებს". მისი განცხადებით, კომპანია დაარსების დღიდან უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზეა ორიენტირებული. Matic-ის არსებულ რობოტს აშშ-ში გაყიდვის ნებართვა უკვე მიღებული აქვს და ახალი შეზღუდვა მასზე არ ვრცელდება. მომდევნო თაობის რობოტების განვითარებაც იმ მიმართულებით მიმდინარეობს, რომელიც კომპანიას FCC-ის აკრძალვით შექმნილი დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. კომპანია მიზნად ისახავს, საჭირო კომპონენტები შეერთებულ შტატებში მოიპოვოს.

"ჩვენ ვერ ვიძლევით რობოტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის გარანტიას, თუ მას შეერთებულ შტატებში არ ავაწყობთ, – ამბობს ნარიავალა, – ამიტომ ჩვენთვის რობოტის აქ დაპროექტება, აწყობა და მთელი პროგრამული უზრუნველყოფის აქვე ინტეგრირება არჩევანის საკითხი არ ყოფილა. ეს იყო ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გვსურდა და რასაც 2017 წლიდან ვაკეთებთ".

ნარიავალას თქმით, აკრძალვის გამოცხადების შემდეგ ის FCC-ს დაუკავშირდა და კომისიას წარუდგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს Matic მომავალში რაც შეიძლება მეტი კომპონენტის შეერთებულ შტატებში მოძიებას.

"FCC და მთავრობა ძალიან გაგებით მოეკიდნენ ჩვენს საქმიანობას და დიდი მხარდაჭერა გამოიჩინეს, – გვეუბნება ნარიავალა, – მათი მთავარი გზავნილია: დიახ, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ. შესაბამისად, სანამ ამ მიმართულებით მოძრაობას ვაგრძელებთ, ისინი მხარს გვიჭერენ. ჩვენ, უბრალოდ, უნდა დავანახოთ, რომ მართლაც ამ მიმართულებით მივიწევთ წინ".

ინტელექტუალური მანქანა

Matic დღეს თავის რობოტ-მტვერსასრუტს წარმოაჩენს არა როგორც მოწყობილობას, რომელიც დასუფთავების წინასწარ განსაზღვრულ ან შემთხვევით მარშრუტს მიჰყვება, არამედ როგორც ინტელექტუალურ, ავტონომიურ მანქანას. ნარიავალა ამ ხედვას ადრეული თაობის რობოტ-მტვერსასრუტებს უპირისპირებს, რომლებსაც თვალებახვეულ ადამიანს ადარებს, რომელიც ერთი კედლიდან მეორეს ეჯახება.

"აპარატული უზრუნველყოფის შექმნა რთულია, თუ აპარატული უზრუნველყოფის შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე 10-ჯერ რთულია, მაშინ რობოტის შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე 100-ჯერ უფრო რთულია".

ნარიავალას თქმით, დღეს არსებული ბევრი რობოტი-მტვერსასრუტი იყენებს LiDAR-ის ტიპის სენსორულ ტექნოლოგიას, რომელიც მოწყობილობას კედლებისა და გარკვეული დაბრკოლებების აღმოჩენაში ეხმარება, თუმცა არ აწვდის საკმარის კონტექსტურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ერთმანეთისგან განასხვაოს ადამიანი, კარადა, შინაური ცხოველი ან ტანსაცმლის გროვა.

"მას გარემოს კონტექსტური აღქმის უნარი არ გააჩნია", – აღნიშნავს ის.

Matic-ის სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ საცხოვრებელი გარემოს სამგანზომილებიანი, მუდმივად განახლებადი წარმოდგენა ჩამოაყალიბოს. ნარიავალა ამას "აბსოლუტურ რუკას" უწოდებს, განსხვავებით ისეთი რუკისგან, რომელიც რობოტს მხოლოდ დამტენი სადგურის მიმართ საკუთარი მდებარეობის განსაზღვრაში ეხმარება. მისი თქმით, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან რობოტს გარემოს აღქმა მაშინაც უნდა შეეძლოს, როდესაც დამტენ სადგურს ადგილს შეუცვლიან.

გარდამტეხი განახლება

Matic-მა ცოტა ხნის წინ წარადგინა განახლება სახელწოდებით "Cues", რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რობოტს ხმოვანი ბრძანებებითა და ჟესტებით დაუკავშირდნენ. განახლების შედეგად რობოტს 70-ზე მეტ სალაპარაკო ენაზე ნათქვამის გაგება შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ, მიუთითოს იმ ადგილისკენ, რომლის დასუფთავებაც სურს, და რობოტი იქ არსებულ არეულობას მოაწესრიგებს.

რობოტს თან ახლავს აპლიკაცია, რომელიც კვლავ აუცილებელია მოწყობილობის პირველად გასამართად და დეტალური პარამეტრების დასაყენებლად, მაგალითად, იმ ზონების განსასაზღვრად, სადაც რობოტი არ უნდა შევიდეს. თუმცა კომპანიას სურს, რომ მოწყობილობასთან ყოველდღიური ურთიერთობა უფრო ბუნებრივი გახდეს.

"თუ ეს მართლაც ინტელექტუალური რობოტია, მაშინ მასთან ურთიერთობა ზუსტად ისე უნდა შეგვეძლოს, როგორც ერთმანეთთან ვურთიერთობთ", – ამბობს ნარიავალა.

ეს მიდგომა განკუთვნილია ოჯახებისთვის, სადაც ცხოვრობენ ბავშვები, ხანდაზმულები, ადამიანები, რომლებსაც კიდევ ერთი აპლიკაციის გამოყენება არ სურთ, ან ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა ინგლისურად არ საუბრობდნენ. მისი მიზანია, სხვადასხვა მომხმარებელს ინდივიდუალურად მორგებული გამოცდილება შესთავაზოს.

ზრდის სტრატეგიები

Matic ტრადიციულ მარკეტინგზე ნაკლებად არის ორიენტირებული და ამის ნაცვლად ცდილობს, მომხმარებლებს თავად გაუჩნდეთ პროდუქტზე საუბრისა და მისი სხვებისთვის რეკომენდაციის სურვილი. ნარიავალას თქმით, შეკვეთების დაახლოებით ორი მესამედი პირადი რეკომენდაციების შედეგად მიიღეს, ხოლო მიმდინარე წლამდე კომპანია მარკეტინგულ საქმიანობას თითქმის არ ეწეოდა.

"ერთადერთი მარკეტინგული არხი, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს, შესანიშნავი პროდუქტია, როდესაც ქმნი რაღაც მართლაც მოულოდნელსა და სასიამოვნოს, რაც მომხმარებლებს უყვარდებათ, ისინი, უბრალოდ, ვერ იკავებენ თავს, რომ ამის შესახებ სხვებსაც არ მოუყვნენ".

ნარიავალასთვის Matic-ის იატაკის საწმენდი რობოტი მხოლოდ პირველი ეტაპია. კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმა ითვალისწინებს "სანდო ორგანიზატორის" შექმნას, რომელიც შედარებით მარტივი ამოცანების შესრულებას შეძლებს. მას მოჰყვება უფრო განვითარებული საყოფაცხოვრებო რობოტი, რომელსაც რთული ამოცანების დაგეგმვა და შესრულებაც შეეძლება.

თუმცა ნარიავალა კვლავ და კვლავ უბრუნდება იმავე პრინციპს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომპანიის თავდაპირველ, 21-გვერდიან მემორანდუმს: ტექნოლოგია არ არის პროდუქტი. პროდუქტის არსი მომხმარებლის პრობლემაშია.

"მომხმარებლებს არ სურთ აპარატული მოწყობილობები ან რობოტები, – აღნიშნავს ის, – მათ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა სურთ".

თარგმანი: ანო ტვილდიანი

Sherin Shibu

91³ÉÈË Staff

News Reporter

Sherin Shibu is a business news reporter at 91³ÉÈË.com. She previously worked for PCMag, Business Insider, The Messenger, and ZDNET as a reporter and copyeditor. Her areas of coverage encompass tech, business, strategy, finance, and even space. She is a Columbia University graduate.