91

ისწავლეთ ნებისმიერი ადამიანის წუთებში ამოცნობა: თქვენი პრაქტიკული სახელმძღვანელო დაკვირვების ხელოვნების დასაუფლებლად

By Wilson Luna

Opinions expressed by 91 contributors are their own.

You're reading 91 Georgia, an international franchise of 91 Media.

აი, რა ავიწყდება ადამიანების უმეტესობას: გავლენა მხოლოდ ის არ არის, რასაც ამბობთ. ის ასევე არის ის, რასაც ხედავთ, ამჩნევთ და იმახსოვრებთ. ყველაზე გავლენიანი პროფესიონალები, რომლებსაც დავკვირვებივარ, და გამიმართლა, რომ ბევრ მათგანთან მიმუშავია, მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლებიან. ისინი სწავლობენ. ისინი ადამიანებში უმცირეს დეტალებსაც კი ამჩნევენ: რა აღაფრთოვანებთ მათ, რა აღიზიანებთ, როგორ რეაგირებენ ზეწოლის ქვეშ და რას აქვეყნებენ ონლაინ.

დაკვირვება თვალთვალი არ არის. ეს მიზანმიმართული ყურადღებაა. კეროლ კინსი გომანი წერს, რომ ლიდერები, რომლებიც აკვირდებიან არავერბალურ სიგნალებს, მიკროგამოხატულებებსა და ქცევის დახვეწილ თავისებურებებს, გავლენის მოხდენისა და მოლაპარაკებების წარმოებისას გაზომვად უპირატესობას იძენენ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ იცით, როგორ ფიქრობს და რეაგირებს ადამიანი, შეგიძლიათ მასთან კომუნიკაცია ისე წარმართოთ, რომ მის აზროვნებასა და რეაქციებთან თანხვედრაში იყოს, და ეს მნიშვნელოვნად ზრდის თქვენი წარმატების შანსებს.

რატომ არის დაკვირვება მნიშვნელოვანი

წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებიც ერთსა და იმავე შეხვედრაზე მიდიან. ერთი წინასწარი ვარაუდებით მიდის და ჩქარობს საკუთარი იდეების წარდგენას. მეორე კი შეხვედრაზე მას შემდეგ მიდის, რაც მონაწილეთა განწყობებს, პრიორიტეტებსა და კომუნიკაციის სტილს დააკვირდა და გაეცნო. გამოიცანით, რომელ მათგანს აქვს უპირატესობა? საქმე მხოლოდ ნიჭსა და ინტელექტში არ არის, უპირატესობას დაკვირვების შედეგად მიღებული მომზადება ქმნის.

ვინმეზე დაკვირვება მხოლოდ მის ყურებას არ ნიშნავს, ეს გულისხმობს ქცევის გარკვეული მოდელების გონებაში დაფიქსირებას, პრეფერენციების შემჩნევასა და შესაძლო რეაქციების წინასწარ განჭვრეტას. ამის გაკეთება შესაძლებელია ყოველდღიურ ურთიერთობებზე, ელექტრონული ფოსტით მიმოწერასა და თუნდაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებზე დაკვირვებით. კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური და სოციალური კომპეტენციები, რაც მოიცავს სოციალური სიგნალების ამოცნობისა და ინტერპერსონალური გარემოს გაგების უნარს, დადებითად არის დაკავშირებული ორგანიზაციებში ჩართულობასა და ინტერპერსონალურ ეფექტიანობასთან.

პროფილირება ჩარევის გარეშე

ახლა კი მკაფიოდ განვმარტოთ: ეთიკური დაკვირვება უმნიშვნელოვანესია. თქვენ არ ერევით ადამიანების პირად საქმეებში. უბრალოდ, ამჩნევთ ქცევებსა და კანონზომიერებებს, რომლებსაც ისინი ბუნებრივად ავლენენ.

მაგალითად, ანა სამშაბათობით ყოველთვის უფრო დადებითად რეაგირებს დეტალურ ელექტრონულ წერილებზე, ვიდრე პარასკეობით. მარკი უფრო სწრაფად და დადებითად ეხმაურება ლაკონიურ, პუნქტებად ჩამოყალიბებულ შეჯამებებს, ვიდრე ვრცელ თხრობით ტექსტებს. კლიენტის LinkedIn-ზე გამოქვეყნებული პოსტები კი მიანიშნებს, რომ ის პროცესზე მეტად ინოვაციასა და შედეგებს აფასებს.

ეს საიდუმლოები არ არის, ეს საჯაროდ დაკვირვებადი სიგნალებია. როდესაც მათ გონივრულად იყენებთ, ადამიანებით კი არ მანიპულირებთ, არამედ თქვენს კომუნიკაციას მათ ბუნებრივ მიდრეკილებებს უსადაგებთ.

ლიდერის ეფექტურობის შესახებ კვლევები ამ პრინციპის მნიშვნელობას უსვამს ხაზს: ლიდერები, რომლებიც კომუნიკაციის საკუთარ სტილს აუდიტორიის ქცევით სიგნალებს უსადაგებენ, ჩართულობის უფრო მაღალ დონესა და შეთანხმების უფრო სწრაფად მიღწევას აფიქსირებენ. სწორედ ასე იქცევიან ყველაზე წარმატებული მომლაპარაკებლები, ისინი თავიანთ გზავნილებს ისე აყალიბებენ, რომ მიმღების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეესაბამებოდეს.

პროფილირების მაგალითები პრაქტიკაში

აი, სცენარი, რომელიც დაკვირვების ძალას ნათლად აჩვენებს. პროექტის მენეჯერი ცდილობდა მაღალი რანგის კლიენტისგან თანხმობის მიღებას. შეხვედრები ფორმალური იყო, თუმცა შედეგს ვერ იძლეოდა. კლიენტის სიგნალებზე, სხეულის ენაზე, საუბრის ტონსა და მისთვის სასურველ საკომუნიკაციო არხებზე დაკვირვებით მენეჯერი მიხვდა, რომ კლიენტი ვიზუალურად წარმოდგენილ ინფორმაციაზე უკეთ რეაგირებდა, ვიდრე ვრცელ ანგარიშებზე.

მან მიდგომა შეცვალა: მოამზადა ლაკონიური ვიზუალური შეჯამება, შეხვედრა იმ დროისთვის დაგეგმა, როდესაც კლიენტი, როგორც წესი, ყველაზე მეტად ფხიზელი და ყურადღებიანი იყო, და საკუთარი მეტყველების სტილი კლიენტის ენობრივ სტილს შეუსაბამა. შედეგი შემდეგ შეხვედრაზევე გამოჩნდა, სრული თანხვედრა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. ეს ინფორმაცია მხოლოდ ინტუიციას არ ეფუძნებოდა, ის ფრთხილი დაკვირვებისა და პროფილირების შედეგად იყო მიღებული.

როგორ განვავითაროთ დაკვირვების უნარები

დაიწყეთ ქცევის განმეორებადი მოდელების შემჩნევით და არა ერთჯერად ქცევებზე რეაგირებით. ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ პროგნოზირებადი ჩვევები, გარკვეული რუტინა და რეაგირების თანმიმდევრული გზები, რომლებიც მათ პრეფერენციებს, პრიორიტეტებსა და გადაწყვეტილების მიღების სტილს ავლენს. ეს ნიმუშები ერთგვარი მინიშნებებია, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვროთ, როგორ მოიქცევიან ისინი მომავალ ურთიერთობებში.

შემდეგ ჩაინიშნეთ ის, რასაც აკვირდებით. გონებაში აღნუსხეთ ურთიერთობები, რეაქციები, დრო და კონტექსტი, რომლებშიც კონკრეტული ქცევები ვლინდება. დროთა განმავლობაში ეს დაკვირვებები ადამიანის ქცევითი ტენდენციების მდიდარ გონებრივ რუკას ქმნის, რაც უკეთ დაგანახვებთ, როგორ დაამყაროთ მასთან ყველაზე ეფექტიანი კომუნიკაცია.

დაკვირვებას ისე მიუდექით, როგორც ექსპერიმენტს. შეამოწმეთ მცირე ჰიპოთეზები: თუ ფიქრობთ, რომ ვინმე ვრცელ თხრობით ტექსტებთან შედარებით ლაკონიურ ელექტრონულ წერილებს ანიჭებს უპირატესობას, გაუგზავნეთ მოკლე წერილი და დააკვირდით რეაქციას. სწრაფად გიპასუხათ? გამოიწვია თუ არა ამან შემდგომი ჩართულობა? დაკვირვება განმეორებადი პროცესია, ყოველი ურთიერთქმედება მომდევნოს განსაზღვრავს, თანდათან აღრმავებს თქვენს გაგებას და საშუალებას გაძლევთ, მიდგომა უფრო ზუსტად შეარჩიოთ.

ყოველთვის პატივი ეცით საზღვრებს. გამოიყენეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზე დაკვირვებაც ბუნებრივად არის შესაძლებელი და რომელიც საჯარო ან პროფესიულ სივრცეშია ხელმისაწვდომი. არასოდეს დაარღვიოთ პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა და ნუ დაეყრდნობით ფარულად მოპოვებულ მონაცემებს. ეთიკური დაკვირვება და გავლენის ეთიკურად მოხდენა გრძელვადიან ნდობას აყალიბებს, ნდობა კი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ურთიერთობის საფუძველია, იქნება ეს ლიდერობა, მოლაპარაკება თუ ყოველდღიური თანამშრომლობა.

დაკვირვება და გავლენა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია

აი, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ადამიანებს ხშირად გამორჩებათ: გავლენა ნაკლებად გულისხმობს საკუთარი იდეების წინ წამოწევას და უფრო მეტად ურთიერთგაგებისა და თანხვედრის შექმნას.

როდესაც ვინმეს ყურადღებით აკვირდებით და მის ქცევით თავისებურებებზე წარმოდგენას იქმნით, შესაძლებლობა გეძლევათ, საუბარი იმ დროისთვის დაგეგმოთ, როდესაც ის ყველაზე მეტად არის მზად ინფორმაციის მისაღებად. თქვენი გზავნილი ისეთი ენითა და სტილით ჩამოაყალიბოთ, რომელზეც ის ბუნებრივად რეაგირებს. ხოლო იდეები იმ ფორმატით წარადგინოთ, რომელიც მის პრეფერენციებს შეესაბამება. შედეგად, მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ თქვენი წინადადებები სწორად გაიგონ, მიიღონ და სათანადოდ გამოეხმაურონ.

ეს თითქმის რადიოს სიხშირის სწორად დაყენებას ჰგავს. თუ საჭირო სიხშირეს აცდით, გზავნილი დამახინჯებულად ისმის. როდესაც კი სწორ სიხშირეზე ხართ მომართული, საუბარი ბუნებრივად მიედინება და ადამიანები გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფად და თავდაჯერებულად იღებენ.

ჸსკვნა

გავლენა მომზადების, დაკვირვებისა და თანხვედრის ერთობლიობაა. ყველაზე ეფექტური ლიდერები მხოლოდ დამაჯერებლები კი არ არიან, ისინი გაცნობიერებულად მოქმედებენ. მათ კარგად ესმით კოლეგებისა და კლიენტების მიერ გამოვლენილი სიგნალები, ჩვევები და ქცევითი თავისებურებები და ამ ცოდნას ეთიკურად იყენებენ პროდუქტიული საუბრების წარმართვისთვის.

თარგმანი: ანო ტვილდიანი

Wilson Luna

91 Leadership Network® Contributor

Business & Leadership Strategist

Wilson Luna is a business and leadership strategist and founder of Kaizen Advice, a global consulting firm helping private practice owners scale with systems, strategy and leadership. Known as the CEO’s Mentor, he transforms clinicians into confident leaders of high-performing businesses.