"ფელიჩე": სოფი გოგოლაშვილი ბრენდის განვითარებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე
Opinions expressed by 91³ÉÈË contributors are their own.
You're reading 91³ÉÈË Georgia, an international franchise of 91³ÉÈË Media.
ინტერიერის შექმნა მხოლოდ ავეჯის შერჩევა და სივრცის მოწყობა არ არის. ეს პროცესია, რომლის დროსაც ინდივიდუალური ხედვა, ესთეტიკა და ფუნქციურობა ერთიანდება, საბოლოო შედეგი კი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა.
სწორედ ამ იდეით დაიწყო "ფელიჩეს" ისტორია, ბრენდის, რომლის დამფუძნებლისთვის, სოფი გოგოლაშვილისთვის, მთავარი მოტივაცია საკუთარი შემოქმედებითი ხედვის რეალობად ქცევა და ადამიანებისთვის განსაკუთრებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო.
დღეს "ფელიჩე" განვითარების ახალ ეტაპზეა. კომპანიამ საქმიანობის მოდელი შეცვალა, საცალო გაყიდვებიდან ინდივიდუალურ შეკვეთებზე გადაინაცვლა, ინტერიერის დიზაინერებთან თანამშრომლობა გააძლიერა და საერთაშორისო პარტნიორების ქსელი გააფართოვა. ამასთან, ბრენდი მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლესაც ამზადებს, ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საკუთარი საცხოვრებელი სივრცის "ფელიჩეს" ავეჯით მოწყობის შესაძლებლობას მისცემს.

როგორ დაიწყო "ფელიჩეს" ისტორია
ბრენდის შექმნის მოტივაცია თავიდანვე სცდებოდა მხოლოდ კომერციული საქმიანობის ფარგლებს. სოფი გოგოლაშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ემოციურ კავშირს, რომელიც ადამიანსა და მის სახლს შორის არსებობს. მისი ხედვით, საცხოვრებელი სივრცის მოწყობაში მონაწილეობა ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა, რადგან შექმნილი გარემო ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება.
მისთვის ავეჯი მხოლოდ ფუნქციური დანიშნულების ნივთი არ არის. ეს არის ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც შეუძლია სივრცის ხასიათის განსაზღვრა, გარემოს შეცვლა და ადამიანის ყოველდღიურობაზე გავლენის მოხდენა.
განვითარების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებები
"ფელიჩეს" განვითარების გზა თავიდანვე სიახლ᳥ებითა და გამოწვევებით იყო სავსე. სოფი გოგოლაშვილის შეფასებით, სწორედ ასეთი უნდა იყოს მომავალზე ორიენტირებული საქმიანობა, მუდმივად ცვალებადი, ახალი შესაძლებლობების ძიებაზე დაფუძნებული და განვითარებისთვის მზად.
კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა კერძო შეკვეთებზე გადასვლა აღმოჩნდა. უკვე ერთი წელია, "ფელიჩე" აქტიურად თანამშრომლობს ინტერიერის დიზაინერებთან და ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობს. ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა როგორც ბიზნესის ძირითადი მიმართულება, ისე მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმა.
"ვფიქრობ, ჩვენი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ის გადაწყვეტილება იყო, როდესაც საცალო გაყიდვებზე უარი ვთქვით და მთლიანად კერძო მიმართულება ავირჩიეთ. ეს საკმაოდ თამამი და, ამავდროულად, რისკიანი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან საქმიანობის უკვე არსებული მოდელის შეცვლა ყოველთვის გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა საბოლოოდ ამ ნაბიჯმა გაამართლა და დაგვარწმუნა, რომ სწორ გზას დავადექით".
დღეს კომპანია სრულად ინდივიდუალურ შეკვეთებზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს, საქმიანობის მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩება, – მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ავეჯის შეთავაზება.
კონკურენცია, როგორც განვითარების მოტივაცია
სოფი გოგოლაშვილი კონკურენტულ გარემოს არა დაბრკოლებად, არამედ პროფესიული და ბიზნესგანვითარების მნიშვნელოვან სტიმულად აღიქვამს. მისთვის კონკურენციის ღირებულება ახალი გამოცდილების მიღებასა და განსხვავებული მიდგომების შესწავლაში მდგომარეობს.
"კონკურენტული ბაზარი ჩემთვის უდიდესი მოტივაციის წყაროა. მეტიც, ყოველთვის ვეძებ ღირსეულ კონკურენტს, რომლის გამოცდილებისგანაც რაღაც ახალს ვისწავლი. მიმაჩნია, რომ კონკურენციის მთავარი ღირებულება სწორედ განვითარება და ერთმანეთისგან სწავლაა და არა მიბაძვა, რასაც, სამწუხაროდ, ბაზარზე ხშირად ვაწყდებით".
ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვადასხვა პარტნიორ ქარხანასთან თანამშრომლობაა. მწარმოებლების მრავალფეროვნება კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს განსხვავებული მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული შეთავაზებები წარუდგინოს.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ პროექტებზე მუშაობისას, როდესაც თითოეულ მომხმარებელს საკუთარი გემოვნება, საჭიროებები და მოლოდინები აქვს.
ხარისხისა და ესთეტიკის ერთიანობა
"ფელიჩეს" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხარისხისა და ესთეტიკის ჰარმონიული შერწყმაა. სოფი გოგოლაშვილი მუდმივად ეცნობა ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებსა და ახალ მიდგომებს, თუმცა ბრენდის შემოქმედებითი ხედვა მხოლოდ აქტუალური მიმართულებების გათვალისწინებით არ შემოიფარგლება.
"ხარისხი და ესთეტიკა ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობ, გავეცნო ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებსა და ახალ მიდგომებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმაა. ვცდილობთ, ტრადიციული ელემენტები თანამედროვე დეტალებთან გავაერთიანოთ და ამ კომბინაციით განსხვავებული, ინდივიდუალური და ესთეტიკურად საინტერესო შედეგი მივიღოთ".
მისი შეფასებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა მომხმარებლებისთვისაც საინტერესოა. განსხვავებული ელემენტების გაერთიანებით შექმნილი ნამუშევრები დადებით გამოხმაურებას იღებს, რაც ბრენდს არჩეული მიმართულების გაგრძელების მოტივაციას აძლევს.
თანამედროვე მომხმარებელი და შეცვლილი მოთხოვნები
ბაზრის განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებლის დამოკიდებულებაც საცხოვრებელი სივრცის მოწყობის მიმართ. სოფი გოგოლაშვილის დაკვირვებით, თანამედროვე მომხმარებელი გაცილებით მომთხოვნი და ინფორმირებულია. მას უფრო მკაფიო წარმოდგენა აქვს საკუთარ გემოვნებაზე, სასურველ ინტერიერსა და იმ შედეგზე, რომლის მიღებაც სურს.
ეს ცვლილება განსაკუთრებით თვალსაჩინოა უძრავი ქონების შეძენის პროცესში. მომხმარებლის ინტერესი მხოლოდ ბინის ან სახლის შეძენით აღარ შემოიფარგლება, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სივრცის სრულყოფილად მოწყობა, ავეჯის შერჩევა და ინტერიერის კონკრეტულ სტილზე მორგება.
"დღევანდელი მომხმარებელი გაცილებით მომთხოვნი და ინფორმირებულია. მან უფრო ზუსტად იცის, რა სურს, როგორი გარემო მოსწონს და რა მოთხოვნები აქვს საკუთარი საცხოვრებელი სივრცის მიმართ.
დღეს მომხმარებლისთვის მხოლოდ უძრავი ქონების შეძენა აღარ არის საკმარისი. მას სურს, მიიღოს სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცე, შესაბამისი ავეჯით, მის გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის სტილითა და ისეთი მომსახურებით, რომელიც პროცესის დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე ყველა მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს".
სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით, კომპანია ციფრული მიმართულების განვითარებაზე მუშაობს. დაგეგმილი ვებგვერდის მიზანი მომხმარებლისთვის ინტერიერის შერჩევისა და საცხოვრებელი სივრცის მოწყობის პროცესის გამარტივებაა.
ნდობა, ემპათია და ხარისხი: გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი
სოფისთვის მომხმარებელთან ურთიერთობა კონკრეტული შეკვეთის შესრულებით არ სრულდება. მისი ხედვით, წარმატებული თანამშრომლობა ლოიალობას, ემოციურ კავშირს, ემპათიასა და პასუხისმგებლობას ეფუძნება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კომპანიის დამოკიდებულებას მოულოდნელი და ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. სწორედ ასეთ გარემოებებში ვლინდება, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება ბიზნესი მომხმარებლის ინტერესებსა და მასთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობას.
"ჩემთვის მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი, პირველ რიგში, ლოიალობა, ემოციური კავშირი და ემპათიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ იქცევი მაშინ, როდესაც მოულოდნელი ან ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება. სწორედ ასეთ დროს ჩანს ყველაზე კარგად, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდები მომხმარებელს და რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობა".
თუმცა, მისი შეფასებით, ამ ღირებულებებს აუცილებლად უნდა ახლდეს პროდუქტის ხარისხი, რომელიც მომხმარებლის ნდობასა და დადებით გამოცდილებას ამყარებს.
"მიმაჩნია, რომ სწორედ ხარისხია ის მთავარი ფაქტორი, რომელმაც პასუხისმგებლობა, ნდობა და ემოციური კავშირი ერთ სრულყოფილ გამოცდილებად უნდა გააერთიანოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს, არამედ მთელი თანამშრომლობის განმავლობაში იგრძნოს, რომ მისი სურვილები, საჭიროებები და მოლოდინები ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია".
საერთაშორისო თანამშრომლობა და დიზაინერული პროექტების რეალობად ქცევა
"ფელიჩეს" განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებაა. კომპანიამ კონტაქტები გააძლიერა თურქეთსა და ჩინეთში, რაც განსხვავებული სირთულის დიზაინერული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ზრდის.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერიერის დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალური პროექტების, მათ შორის რთული და არასტანდარტული რენდერების, რეალურ სივრცეში განხორციელებას.
"მნიშვნელოვნად გავაფართოეთ საერთაშორისო კონტაქტები, მათ შორის თურქეთსა და ჩინეთში, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებზე გვქონდეს წვდომა და ნებისმიერი სირთულის დიზაინერული პროექტი რეალობად ვაქციოთ. დღეს უკვე შეგვიძლია ინტერიერის დიზაინერის მიერ შექმნილი, თუნდაც რთული და არასტანდარტული რენდერი რეალურ სივრცეში განვახორციელოთ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან დიზაინერის შემოქმედებითი ხედვის რეალობად ქცევა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა", – განმარტავს სოფი გოგოლაშვილი.
კომპანია გეგმავს, მსგავსი პროექტების მაგალითები უახლოეს მომავალში საკუთარ სოციალურ არხებზეც გააზიაროს, რათა მომხმარებლებმა და ინტერიერის დიზაინერებმა უკეთ გაიცნონ ბრენდის შესაძლებლობები.
ხელოვნური ინტელექტი ინტერიერის დიზაინში: "ფელიჩეს" ახალი პროექტი
ბრენდის სამომავლო გეგმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ახალი ვებგვერდის შექმნაა, რომელზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.
პროექტის მთავარი იდეა მომხმარებლისთვის ინტერიერის დაგეგმვის პროცესის გამარტივება და ისეთი ციფრული შესაძლებლობის შეთავაზებაა, რომელიც მას საკუთარი საცხოვრებელი სივრცის სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტის წინასწარ დანახვაში დაეხმარება.
ვებგვერდზე მომხმარებელს შეეძლება, ატვირთოს საკუთარი ოთახის ფოტო, მიუხედავად იმისა, სივრცე ჯერ კიდევ მწვანე კარკასის მდგომარეობაშია თუ უკვე დასრულებულია. ამის შემდეგ იგი ინტერიერის დიზაინის წარმოდგენილი სტილებიდან მისთვის სასურველს აირჩევს, ხოლო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული "ფელიჩეს" AI დიზაინერი ოთახს შერჩეული სტილის შესაბამისად, ბრენდის ავეჯით მოაწყობს.
"ვებგვერდი მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. მას შეეძლება ატვირთოს საკუთარი ოთახის ფოტო, აირჩიოს სასურველი ინტერიერის სტილი და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წინასწარ დაინახოს, როგორი შეიძლება გახდეს მისი საცხოვრებელი სივრცე "ფელიჩეს" ავეჯით. ვფიქრობთ, ეს სიახლე მნიშვნელოვნად დაეხმარება მომხმარებლებს საკუთარი სახლის მოწყობის პროცესში".
ახალი პლატფორმა მხოლოდ ინტერიერის ვიზუალიზაციის ფუნქციით არ შემოიფარგლება. ვებგვერდზე წარმოდგენილი იქნება ყველა ქარხანა და პარტნიორი კომპანია, რომლებთანაც "ფელიჩე" თანამშრომლობს.
ამგვარად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბრენდის პარტნიორებს, შეთავაზებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც კომპანია ინდივიდუალური პროექტების განხორციელებისთვის იყენებს.
ახალი მიმართულებები და სამომავლო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ "ფელიჩე" უკვე აქტიურად მუშაობს კერძო შეკვეთებზე, ინტერიერის დიზაინერებთან თანამშრომლობასა და ციფრული სერვისების განვითარებაზე, კომპანია სამომავლოდ ახალი მიმართულების ათვისებასაც გეგმავს.
სოფი გოგოლაშვილის თქმით, განვითარება ბრენდის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ მუდმივად მიმდინარეობს ახალი შესაძლებლობების ძიება და იმ მიმართულებებზე ფიქრი, რომლებიც კომპანიის საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
"სამომავლოდ არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს და ახალი მიმართულების ათვისებასაც ვაპირებთ. მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ და ამ სიახლეს პატარა სიურპრიზად დავტოვებ".
ბრენდის განვითარებაზე საუბრისას სოფი გოგოლაშვილი კონკრეტული ხუთწლიანი პროგნოზის გაკეთებას არ ჩქარობს. მისი ხედვით, მომავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობა მუდმივ ცვლილებებსა და ახალი შესაძლებლობების ძიებას უკავშირდება.
მისთვის მთავარი არა წინასწარ დასახული შედეგების დასახელება, არამედ ის შეფასებაა, რომელსაც "ფელიჩე" წლების შემდეგ საკუთარი მომხმარებლებისგან მიიღებს.
"სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, სად ვიქნები მე ან სად იქნება "ფელიჩე" ხუთი წლის შემდეგ. მომავლის წინასწარ განსაზღვრა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუდმივად განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე ხარ ორიენტირებული.
ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არა ის, რას ვიტყვი დღეს ჩვენს მომავალზე, არამედ ის, რას იტყვიან ხუთი წლის შემდეგ ჩვენზე ჩვენი მომხმარებლები. მირჩევნია, სწორედ ისინი საუბრობდნენ "ფელიჩეს" განვითარებაზე, მიღწევებზე, ხარისხსა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად მიიღეს. ვფიქრობ, მომხმარებლის ნდობა, კმაყოფილება და დადებითი შეფასება ჩვენი მომავალი წარმატების საუკეთესო გარანტია იქნება".
საკუთარი ესთეტიკური ხედვის რეალობად ქცევის სურვილით დაწყებული საქმიანობა დღეს საერთაშორისო თანამშრომლობის, ინდივიდუალური პროექტებისა და ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა. ამ ცვლილებების მიუხედავად, "ფელიჩესთვის" უცვლელი რჩება მთავარი იდეა, ხარისხიანი ავეჯის შექმნა, ინდივიდუალური ხედვის რეალურ სივრცეში გადატანა და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირება.
სოფი გოგოლაშვილისთვის კი ბრენდის წარმატების საბოლოო საზომი სწორედ იმ ადამიანების ნდობა და შეფასებაა, რომელთა საცხოვრებელი სივრცეების შექმნასა და გალამაზებაშიც "ფელიჩე" მონაწილეობს.